fbpx
Skip to main content

ევროკავშირის რეგიონული პროექტი „ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გარემოსდაცვით საკითხებში საქართველოს და უკრაინაში“

27/10/2020

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა რეგიონულმა პროექტმა „ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გარემოსდაცვით საკითხებში საქართველოსა და უკრაინაში“, რომელიც ევროკავშირის სტიპენდიანტების მიერ ხორციელდებოდა, საქართველოში გაწერილი აქტივობები დაასრულა. 2020 წლის იანვრიდან – სექტემბრის ჩათვლით, გუნდმა განახორციელა სხვადასხვა სახის კვლევითი, საგანმანათლებლო თუ სამოქალაქო-საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული კამპანია. პროექტმა მოიცვა 120 ახალგაზრდა საქართველოს და უკრაინის შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, კიევი, ლვოვი და კრივოი როგი.

პროექტი მიზნად ისახავდა გარემოსდაცვით საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების საკითხებში; აგრეთვე, გარემოსდაცვითი ბიუჯეტის/დღის წესრიგის კვლევას და ახალგაზრდების გაძლიერებას მათი ინიციატივების ადგილობრივ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან დიალოგის ფორმატში გაზიარების გზით. პროექტში ჩართული იყვნენ ადგილობრივი ექპერტები, მკვლევრები და ტრენერები, რომლებსაც საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს პროექტის მონაწილეებს.

პროექტმა მოიცვა 60-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა. ისეთი მექანიზმების საშუალებით, როგორიცაა კვლევა, ონლაინ ვებინარები, სოციალური მედია კამპანია, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები და გარემოსდაცვითი საველე აქტივობები, ამაღლდა პროექტში ჩართული ახალგაზრდების ცნობიერების დონე ადგილობრივი გარემოსდაცვითი დღის წესრიგის შესახებ, გამოქვეყნდა თბილისის, ქუთასის და ბათუმის მერიების შესახებ კვლევითი ანგარიში , გაუმჯობესდა დიალოგი ახალგაზრდებსა და ადგილობრივ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრების გზით. ამის შედეგად, მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს გარემოსდაცვითი ინიციატივები და ორგანიზება გაუწიეს სხვადასხვა სახის დასუფთავების და გამწვანების კამპანიას. პროეტმა ხელი შეუწყო ქართველ და უკრაინელ ახალგაზრდებს შორის საკომუნიკაციო პლატფორმის ჩამოყალიბებას რეგიონულ დონეზე, რაც მათ საერთო ინიციატივების დაგეგმვასა და განხორციელებაში შეუწყობს ხელს.     

პროექტის აქტივობები ორ ფაზად განხორციელდა. პირველ ფაზაში მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტების კვლევა და გარემოსდაცვითი კუთხით ბიუჯეტის მონიტორინგი.

მეორე ფაზაში ჩატარდა ონლაინ სემინარები და ტრენინგები (2-კვირიანი საზაფხულო სკოლა To be or not to be ECO-logical, რეგიონული სემინარები), რომელიც ონლაინ ფორმატში განხორციელდა და ოფიციალურად გახსნა საქართველოში ავსტრიის ყოფილმა ელჩმა – არად ბენკომ, საქართველოსა და უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად.  ტრენინგების პარალელურად, პროექტის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული სოციალური მედია კამპანიაში #beecological, რომლის ფარგლებშიც საკუთარ აუდიტორიას ეკო-მეგობრული ქცევებისკენ მოუწოდებდნენ. ამავე ფაზაში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები ადგილობრივ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად, რამაც კიდევ უფრო წაახალისა ახალგაზრდების ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობა და საერთო სამომავლო აქტივობების განხორციელება. პროექტის ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების და გამწვანების საველე აქტივობები, რომელთა შორისაც აღსანიშნავია ხეების დარგვის აქცია ბათუმის ცენტრალურ პარკში.