fbpx
Skip to main content

ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის დამატებით 55 მილიონი ევრო გამოყო

17/12/2020

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მეოთხე ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვაში, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი. პროგრამა ასევე გააგრძელებს საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას.

ევროკავშრის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა  ხელი მოაწერეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) მეოთხე ფაზის დაწყებას, რომლის ჯამური ბიუჯეტი 55 მილიონ ევროს (დაახლოებით 215 მილიონ ლარს) შეადგენს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან დავითაშვილი. პროგრამის მეოთხე ფაზის მიზანია, ქვეყანაში გააძლიეროს სურსათის ხარისხხი და სტანდარტები, ხელი შეუწყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ევროკავშირში ექსპორტის ზრდას, ასევე სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ეს მხარდაჭერა ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ საქართველოსთვის COVID-19-ის გამოწვევების დასაძლევად გამოყოფილი უფრო ფართო დახმარების ნაწილია.

„2013 წლიდან, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. მოხარული ვარ, რომ ENPARD-ის მეოთხე ფაზის ფარგლებში მთავრობასთან ამ მიმართულებებით თანამშრომლობას ვაგრძელებთ. მომავალში, გვსურს ვიხილოთ უკეთ აღჭურვილი ქართველი ფერმერები, კოოპერატივები, მცირე და საშუალო მეწარმეები, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ევროკავშირში ექსპორტს უკეთ შეძლებენ. გარდა ამისა, გვსურს ვიხილოთ სოფლად უკეთესი ინფრასტრუქტურა და სერვისები, უფრო განვითარებული ტურიზმი, ეფექტიანი ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა და მეწარმეობა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას,” განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა,“ კარლ ჰარცელმა.

„ENPARD-ის პროგრამას უკვე წლებია მოაქვს კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ პროგრამის შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება პროდუქციის ხარისხი, სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და ევროპულ ბაზარზე ექსპორტი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის განხორციელება COVID-19-ის ფონზე და აღსანიშნავია, რომ მისი მეოთხე ფაზა ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო პანდემიასთად ბრძოლისთვის,“ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა.

„საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელსაც ENPARD-ის სამივე ფაზა წარმატებით აქვს განხორციელებული. გვაქვს მოლოდინი, რომ ENPARD-ის მეოთხე ფაზაც წარმატებით განხორციელდება. ეს არის საკმაოდ დიდი დახმარება, 55 მილიონი ევრო, საიდანაც 31 მილიონი ევრო იქნება პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება, ხოლო 24 მილიონი ევრო ტექნიკური და საგრანტო დახმარების სახით გაიცემა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და რომელსაც ყოველთვის დიდი ეფექტი აქვს ევროკავშირთან ერთად შემუშავებული პოლიტიკის სწორად განხორციელებისათვის,“ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაშვილმა.

პროგრამის IV ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის მხრივ, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი. ENPARD IV დაეფუძნება ფართომასშტაბიან ინსტიტუციური განვითარების პროგრამისა (CIB) და ENPARD-ის წინა ფაზების ფარგლებში არსებულ შედეგებს. იგი გააგრძელებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერას ინსპექტირებისა და კონტროლის სისტემების დანერგვის და ახალი რეგულაციების შემუშავების კუთხით. ახალი ფაზა დაეხმარება სურსათის ბიზნეს ოპერატორებსაც, მიმდინარე რეფორმებთან მათი უკეთ ადაპტირების მიზნით.

ასევე, ENPARD IV გააგრძელებს საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას, რათა სოფლის სექტორმა საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში უფრო მეტი წვლილი შეიტანოს. პროგრამის IV ფაზა მეტად ორიენტირებული იქნება მოწყვლადი რეგიონებისა და ოჯახების (მათ შორის ეკო-მიგრანტების, კონფლიქტით დაზარალებული პირების, ეთნიკური უმცირესობების, მიგრანტების) ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციაზე. ამასთან, პროგრამა გააგრძელებს ადგილობრივი განვითარების გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას, მათ შორის ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებას.

დამატებითი ინფორმაცია: ENPARD მეოთხე ფაზა ეფუძნება პროგრამის წინა სამი ფაზის წარმატებულ განხორციელებას, რომელთა ფარგლებშიც გვაქვს კონკრეტული შედეგები:

  • ჩამოყალიბდა 1,000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რითაც შესაძლებელი გახდა ფერმერთა ეკონომიკური გაძლიერება;
  • ევროკავშრის პირდაპირი ფინანსური დახმარება მიიღო 280-ზე მეტ კოოპერატივში გაწევრიანებულმა 2,000-ზე მეტმა ფერმერმა;
  • ევროკავშრის დაფინანსებით ბიზნესის მართვისა და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებში გადამზადდა 8,000-ზე მეტი ფერმერი;
  • თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში კონსულტაცია გაეწია 250,000-ზე მეტ ადამიანს, რეგიონებში ჩამოყალიბებული 59 საინფორმაციო და საკონსულტაციო და ექსტენციის ცენტრების დახმარებით;
  • ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში წარმატებით ინერგება სოფლის განვითარების ევროპული მოდელი. სამოქალაქო საზოგადოებასთან, საჯარო და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, პროგრამა აძლიერებს ადგილობრივ მოსახლეობას და  ეხმარება მათ ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) ჩამოყალიბებაში, რათა მათ თავად შეძლონ საკუთარი თემისა და სოფლის განვითარებაზე ზრუნვა. ევროკავშრის დახმარებით, LAG-ები უკვე 12 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა. მათ შეძლეს თემის მობილიზება და წამოიწყეს სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პროექტები სოფლად საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.
  • LAG-ების ჩართულობით ევროკავშრმა საქართველოში 500-ზე მეტი ადგილობრივი განვითარების ინიციატივა დააფინანსა. ეს ინიციატივები ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას უწყობს ხელის, 1 000-ზე მეტ ოჯახს უკეთესს დასაქმების საშუალებას აძლევს და 10 000-ზე მეტ სოფლად მოსახლეს ცხოვრების პირობებს უუმჯობესებს.
  • ცენტრალურ დონეზე, პროგრამა ეხმარება მთავრობას პოლიტიკის შემუშავებაში, სექტორული რეფორმების გატარებაში, ხელს უწყობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფრო ეფექტიან საქმიანობას და პოლიტიკის უკეთ განხორიელებას, შესაბამისად ფერმერებისა და სოფლად თემების გაძლიერებას.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. ეს მხარდაჭერა ევროპის საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და გულისხმობს როგორც სოფლის მეურნეობის ხარისხის, სტანდარტებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ასევე სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისა და ადგილობრივი საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების გზით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 234.5 მილიონი ევრო. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ www.enpard.ge.

საკონტაქტო პირები:

  • მიკოლაი ბეკასიაკი, კომუნიკაციის ატაშე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Mikolaj-Swietopelek.BEKASIAK@eeas.europa.eu
  • თამარ ხუნწარია, ევროკავშირის ეკონომიკური პროგრამების საინფორმაციო ხელმძღვანელი, EU4Georgia III, 595 989916, tamar@commwithus.eu
  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 599 502619, Nana.Chinchilakashvili@mepa.gov.ge 
  • ირინა ხულუზაური, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 591 201532, Ikhuluzauri@mfa.gov.ge