fbpx
Skip to main content

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ეროვნული ფორუმი ევროკავშირის მახარდაჭერით

28/01/2021

2021 წლის 28-29 იანვარს ონლაინ ფორმატში ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ეროვნული ფორუმი. ფორუმზე თავი მოიყარა სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა სექტორების 200-მდე წარმომადგენელმა საქართველოს ყველა რეგიონიდან და ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. ფორუმის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო საზოგადოების როლზე რეფორმების განხორციელებაში და მის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

ფორუმის მონაწილეებს მიესალმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი, ქალბატონი დომინიკა სკუბიდა. მან ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების, როგორც პარტნიორის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების პროცესში: ”ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მქონდა პატივი, დავკვირვებოდი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას საქართველოში. მოხარული ვარ, რომ ვხედავ რამდენად აქტიური და მრავალფეროვანი გახდა სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით რეგიონებში.”

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გავნითარების ინიციატივა“ წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეებს გააცნეს ევროკავშირის მხარდაჭერილი ოთხწლიანი პროგრამის ძირითადი მიღწევები ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება (ამ შემთხვევაში აქცენტი გაკეთდა სახელმწიფო დაფინანსებაზე, რომელიც ხელმისაწვდომია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის); სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაღრმავება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში; ახალგაზრდების, როგორც სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერება; სამოქალაქო საზოგადოების პოპულარიზაციის კამპანია – “ეს ქვეყანა შენია.”

ფორუმის შემდეგ, მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების როლისა და გამოწვევების შესახებ. ბოლო პანელის მიმდინარეობისას, საერთაშორისო ექსპერტებმა წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ვითარების თაობაზე.

პროექტსსამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივაახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც ასევე შედის ოთხი ქართული სამოქალაქო ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

საკონტაქტო პირი:

დავით აფრასიძე, პროექტის მენეჯერი, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”, david.aprasidze@cssige.eu