fbpx
Skip to main content

ბიო ჩაი და თევზის წარმოება საქართველოში

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი მხარდაჭერა მეწარმეებს

სხვადასხვა კულტურებთან ერთად, საქართველოში ჩაის მოყვანის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. შოთა  კოპალიანი ცაგერის რაიონის სოფელ ჭალისთავში ცხოვრობს. მას ჩაის დამზადების კულტურა მემკვიდრეობით წინაპრებისგან ერგო და დღემდე მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნავს. ის ერთ-ერთი მეწარმეა, რომელმაც ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის GRETA ხელშეწყობით უკვე მოახერხა საკუთარი წარმოების განვითარება და გაზრდა. პროექტში ჩართვის შემდეგ მისი საწარმო  ველურად მზარდი მცენარეების გადამამუშავებელი და საშრობი აღჭურვილობებით მოეწყო. სწორედ ამ დანადგარების საშუალებით იგი ბიო- სერთიფიცირებული ჩაის დამზადებას შეძლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში წარმოებული ჩაის ფასი დაბალია და უმეტესწილად, ის ხარისხითაც  სჯობს იმპორტირებულ პროდუქტს, შემოტანილი  ჩაი  დღემდე  ბაზრის  80% იკავებს. მეწარმე შოთა კოპალიანისთვის სწორედ ეს გარემოება აღმოჩნდა კარგი საფუძველი ბიო-სერთიფიცირებული ადგილობრივი ჩაის აქტიური წარმოების დასაწყებად. მისი აზრით, ადგილობრივ ბაზარზე ქართულ ჩაის  იმპორტირებული პროდუქტისთვის კონკურენციის გაწევის მაღალი პოტენციალი გააჩნია:

„ჩვენ გარდა, ლეჩხუმში ჩაის არავინ ამზადებს, შესაბამისად, კონკურენტიც არ გვყავს. ჩვენი ერთადერთი კონკურენტი ბუნებაა – ის გვაძლევს საარსებო წყაროს. თანაც გასათვალისწინებელია, რომ ყველა ამ პროდუქტს სამკურნალო დანიშნულებით მოიხმარენ. ამ საქმიანობის ბიზნესად ქცევა მე და ჩემმა მეუღლემ დაახლოებით 6-7 წლის წინ გადავწყვიტეთ. კუსტარულად, ჩვენი ხელით დავამზადეთ საშრობი. საჭირო დანადგარები ძალიან ძვირი ღირდა და სამწუხაროდ, მათ ვერ შევწვდებოდით, ამიტომ წლების განმავლობაში გვიჭირდა გაფართოება. თუ რაიმეს გამოვიმუშავებდით, ყველაფერს ამ საქმეში ვაბანდებდით. პროექტი GRETA თითქოს ხსნასავით აღმოჩნდა ჩვენთვის, ავადმყოფს რომ წამალს მიაწვდი, ზუსტად ასეა ჩვენი საქმე. აგვარიდა სესხებს, რომელსაც მთელი ცხოვრების ბოლომდე ვერ დავფარავდით. რომ არა ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერა, ამ ყველაფერს დამოუკიდებლად ვერასდროს შევძლებდით“, – ამბობს შოთა კოპალიანი.

პროექტის ფარგლებში გადაცემული დანადგარები შოთა კოპალიანს პროდუქტის საბოლოო, გასაყიდი სახის მიღების შესაძლებლობას აძლევს –  მის საწარმოს როლერი და ოთხი საშრობი დაემატა, ასევე, დანადგარი, რომელიც ჩაის 100-150 გრამიან პაკეტებში ჩამოყრის და დააფასოებს. მუყაოს ქაღალდების შესაფუთი დანადგარი კი პროდუქტს საბოლოო სახეს მისცემს.

„გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მივიღებთ პიკაპს, ავტომანქანას, რომელიც პირველადი პროდუქტის მოძიებისა და გადაზიდვისთვის გვჭირდება. ყველა მცენარე, რომლისგანაც ჩაის ვამზადებთ, ველურად, მთებში, კლდეებში იზრდება და ძალიან რთული მოსაპოვებელია. ძველი ავტომობილი გვყავს, იმით ვცდილობთ იქამდე მივაღწიოთ ხოლმე, სადამდეც მოგვიხერხდება, მერე უკვე, მიუვალ მთებში, ფეხით ვაგრძელებთ გზას. გარდა ამისა, ფოთლები მალფუჭებადია, ხურდება და თუ დროულად არ მოვიტანეთ ადგილზე, შეიძლება ჩახურდეს და გაგვიფუჭდეს. პიკაპი, რომლის შეძენა პროექტითაა გათვალისწინებული, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ჩვენი წარმოებისთვის“, – ამბობს შოთა კოპალიანი.

ამჟამად მის საწარმოში მოცვის, მაყვლის ფოთლების, ცაცხვის ყვავილის, ველური კომშისა და დეკას ჩაი მზადდება. როგორც თვითონ ამბობს, ახლა აქვს საფუძველი, რომ სამომავლოდ თამამად იფიქროს განვითარებაზე  და სხვადასხვა ფოთლებისგან  დამზადებული ექსპერიმენტული ჩაის ნაზავებს უკვე პროდუქტის სახე მისცეს, რის შესაძლებლობაც საჭირო დანადგარების გარეშე არ ჰქონდა.

კახაბერ გასვიანი პროექტ GRETA-ს კიდევ ერთი ბენეფიციარია ცაგერის რაიონიდან. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, ცაგერის სოფელ ქულბაქში მწვანე ტბა მდებარეობს. 2005 წელს კახა გასვიანმა მიტოვებულ ტბორსა და გაუვალ ტყეზე ზრუნვა დაიწყო  –  თევზაობის  სიყვარულით  შთაგონებულმა კი საკალმახე აუზების მოწყობა გადაწყვიტა და აგროტურიზმის განვითარებას მიჰყო ხელი. 2014 წლიდან ხუთი ოჯახი გაერთიანდა, მათ შექმნეს კოოპერატივი  „ქულბაქის  მწვანე  ტბა“  და  შეიძინეს საჭირო  ინვენტარი  საკალმახე  მეურნეობის  განსავითარებლად.

პროექტ GRETA-ს ხელშეწყობით წარმოება აღჭურვილი იქნება თევზის საკვების გადამამუშავებელი დანადგარებით (თანამედროვე საწარმოო ხაზით), რომლის საშუალებით კახაბერი შეძლებს ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით დაამზადოს საკვები როგორც საკუთარი, ასევე რეგიონში არსებული სხვა სათევზე მეურნეობებისთვის. პროექტის ხელშეწყობის შედეგად, მწარმოებელს შეუმცირდება დანახარჯები და გაეზრდება შემოსავალი. ასევე, დასაქმდება რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებელი.

„2021 წლის ბოლომდე, თევზის ორგანული საკვების წარმოების დაწყებას შევძლებთ, რაც ქართული მეთევზეობის  სფეროში  სრულიად ახალი პროდუქტია.  ამის საჭიროება, დიდი ხანია არსებობს როგორც რეგიონში, ისე მთელ საქართველოში, რადგან ადგილობრივი წარმოების საკვები ბაზარზე პრაქტიკულად არ არის. ჩვენი გათვლით, წელიწადში  50  ტონაზე  მეტი  ორგანული  საკვების  წარმოება იქნება შესაძლებელი, რაც საკალმახის გაფართოებასა  და  თევზების  რაოდენობის  ზრდაზეც  აისახება. ბიო საკვები და მასზე გაზრდილი თევზები არამარტო ადგილობრივ, არამედ უცხოელ  შემსყიდვლებშიც  დიდ  ინტერესს გამოიწვევს“ – ამბობს კახაბერ გასვიანი.

როგორც თავად კახა გვიყვება, თევზის საკვებთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა არსებობს.  პროდუქტი ძირითადად უცხოეთიდან შემოდის და საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ გახსნილი მცირე საკალმახეები მალევე იხურება, რადგან თევზის შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება:

„საკვებთან დაკავშირებით, ყოფილა შემთხვევები, როცა ჩამოსულა პროდუქტი და გაფუჭებული ან ვადაგასული ყოფილა, რამაც თევზის სიკვდილიანობა შესაძლოა გამოიწვიოს. მეც მქონია მსგავსი შემთხვევა, როცა გაფუჭებულმა საკვებმა თევზები დამიხოცა. ყველა ინგრედიენტი, რაც ამ საკვებში შედის, საქართველოშიც არსებობს, უბრალოდ, წარმოება არ ხდება. არა და, საკმაოდ შეამცირებს ამ საკვების თვითღირებულებას, რაც აუცილებლად აისახება თავად თევზის ფასზეც“.

კახაბერ გასვიანი მიიჩნევს, რომ პროექტში სწორადაა ასახული მცირე ბიზნესის საჭიროებები, რაც აძლიერებს  მეწარმეებს და მათ ეკონომიკურ ზრდაში ეხმარება – „უფრო მეტად იზრდება ნდობა ადგილობრივად დამზადებული პროდუქტის მიმართ, იცი, რას აჭმევ თევზს. თავად ინგრედიენტებსაც ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან ყიდულობ – სიმინდია, ფქვილია, თუ სხვა პროდუქტი, რაც თავის მხრივ, ეკონომიკურად აძლიერებს სხვა ადგილობრივ წარმოებასაც. შესაბამისად, მათთვისაც იზრდება მოთხოვნა და თავიანთი ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა ეძლევათ. რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში ბევრი პატარ-პატარა საკალმახეა, რომლებიც ელოდებიან, როდის დავიწყებთ  წარმოებას. საჭირო დანადგარი უკვე შესყიდულია და ორ თვეში ჩამოვა საქართველოში, ჩვენც მალევე შევუდგებით წარმოებას. დასაწყისისთვის სწორედ ამ რეგიონების ათვისებას ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ისევ და ისევ ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს. რაც უფრო ძლიერია ბიზნესი, მით უფრო მყარია ეკონომიკაც ქვეყანაში“ – ამბობს კახაბერ გასვიანი.

GRETA| „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა საქართველოში“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით  უკვე 2 წელია მიმდინარეობს, და მას საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს.პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. მცირე და საშუალო მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ საჭირო ფინანსური დახმარება  საკუთარი წარმოებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად, აღმოაჩინონ ახალი საბაზრო შესაძლებლობები და ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქტის წარმოებით კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ პროდუქტს.

პროექტში, რომელიც ადგილობრივ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს და მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და ზემო იმერეთის რეგიონებს, ჩართულები არიან მეწარმეები მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან. ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია ტურიზმის სფეროში მომუშავე 400 მცირე საწარმო და ორგანულ სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებული 230 ფერმერი, რომლებიც პროექტიდან სხვადასხვა სახის მხარდაჭერას იღებენ. დაინტერესებულ პირებს სრულყოფილი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მუნიციპალიტეტების გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურებიდან, ან თავად პროექტის ვებგვერდიდან – https://gretaproject.ge.

პროექტი GRETA ბენეფიციარებს ბიო-სერთიფიკატის მიღების პროცესშიც ეხმარება, რომელიც ერთიორად ზრდის წარმოებული პროდუქტის სანდოობას და საერთაშორისო ბაზრის ათვისების შესაძლებლობასაც იძლევა. გარდა ამისა, ეს ეხმარება პროექტის მონაწილეებს მსხვილ კომპანიებთან კომუნიკაციაში მარკეტინგის მიმართულებით, რაც ზრდის ბაზრის სწრაფად ათვისების პოტენციალს.