fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერით, 17 წლის ნინი მატუა პროფესიულ საქმიანობაში პირველ ნაბიჯებს დგამს

12/09/2023

ნინი მატუა 17 წლისაა. მართალია, ჯერ მხოლოდ მე-12 კლასშია, თუმცა პროფესიული არჩევანი უკვე გააკეთა – ზუსტად იცის, რომ მისი სამომავლო საქმიანობა ჟურნალისტიკას უკავშირდება. ამიტომ, სწავლის პარალელურად, გადაწყვიტა, პრაქტიკული გამოცდილებაც მიეღო და მომავალ პროფესიაში საკუთარი ძალები იქამდე მოესინჯა, სანამ უმაღლეს განათლებას მიიღებდა.

დასახული მიზნის მიღწევაში ნინის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი დაეხმარა, რომლის შედეგად, სტაჟირების პროგრამით, ზუგდიდში, რადიო „ათინათში“მოხვდა.

„ერთი თვის განმავლობაში, რადიოში სტაჟირებას გავდიოდი. მომეცა შესაძლებლობა პრაქტიკაში გამომეცადა ის ყველაფერი, რაც ჟურნალისტური საქმიანობისთვის მჭირდება – ინფორმაციის მოძიება, მონტაჟი, პირდაპირ ეთერში მსმენელთან ურთიერთობის გამოცდილება“, – იხსენებს ნინი, რომელიც, ერთთვიანი სტაჟირების შემდეგ, რადიოს თანამშრომელი გახდა და უკვე ერთი წელია დილის  გადაცემას უძღვება.

რადიოში სტაჟირების გავლა ნინიმ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“ (SECTORs) ფარგლებში შეძლო. როგორც თავად ამბობს, ამ პროექტმა მისი ცხოვრება შეცვალა და მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა ახალგაზრდების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. „როდესაც სკოლას ამთავრებ, რთულია მიიღო გადაწყვეტილება, რისი კეთება გსურს მომავალში. მსგავსი პროექტები კი უნარების გაუმჯობესებაში გვეხმარება, უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ, თუ რა შესაძლებლობები არსებობს და მეტად თავდაჯერებულებიც ვხდებით“, – განმარტავს ნინი.

პროექტი SECTORs არასამთავრობო ორგანიზაციების კონსორციუმის მიერ ხორციელდება, რომელიც გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრს, ასოციაცია „ათინათს“, საქართველოს ფერმერთა ასოციაციას და დემოკრატიის ინსტიტუტს აერთიანებს. პროექტის მიზანი, სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებაა.