Skip to main content

ნულოვანი ნარჩენის დღე: სასკოლო პროექტებიდან ცირკულარულ ეკონომიკამდე

31/03/2026

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასთან ერთად, ცირკულარობის იდეებს პრაქტიკულ ქმედებად აქცევენ.

ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ნულოვანი ნარჩენის დღე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად აღნიშნეს. ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის წყნეთის კამპუსში მრავალფეროვანი, სახალისო და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც ცირკულარული ეკონომიკის იდეები ყოველდღიურ, პრაქტიკულ გადაწყვეტებად აქცია.

მოსწავლეებმა სასკოლო პროექტები წარადგინეს, რომელთა მეშვეობით მათ ნარჩენების მდგრადი მართვის გზებს გაეცნენ, ცირკულარული ეკონომიკის საწყისები შეისწავლეს და შემდეგ, ეს თეორიული ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენეს. 

ერთ-ერთი სასკოლო პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა თავიანთ სკოლაში ნარჩენების აუდიტი ჩაატარეს, მათი რაოდენობა შეაფასეს და ნარჩენების შემცირებისა თუ ხელახლა გამოყენების გზები შეიმუშავეს. სხვა პროექტები მეორადი მასალისგან ხელნაკეთი ნივთების დამზადებასა და თანატოლებისთვის საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას ითვალისწინებდა.

ნულოვანი ნარჩენის დღეს გამართულ ღონისძიებაზე, საუკეთესო პროექტები წამახალისებელი პრიზებით დაჯილდოვდა, რომლებიც მოსწავლეებს ევროკავშირისა და UNDP-ის წარმომადგენლებმა გადასცეს.   

ევროკავშირის წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს ახალი ციფრული გამოწვევა „აირჩიე გონივრულად“ (Choose Smart) გააცნეს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში პატარა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ცირკულარული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს. მაგალითად, საყოფაცხოვრებო და საკვები ნარჩენების შემცირებას ან ნივთების შეკეთებასა და ხელახლა გამოყენებას.

ღონისძიების მონაწილეებმა ასევე გამოსცადეს ახალი სამაგიდო თამაში „ჩომპო-კალიფსი“, რომელშიც მოთამაშეებმა ნარჩენების მონსტრი ჩომპო უნდა დაამარცხონ და საკუთარი სახლისა თუ ქალაქის მწვანე და სუფთა გარემოზე იზრუნონ. თამაშის სამაგიდო ვერსია ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით შეიქმნა. მისი საჯარო წარდგენა სწორედ ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში გაიმართა.

„ჩვენი ეკონომიკის მომავალი ცირკულარულია. მისასალმებელია, რომ საქართველოში, ცირკულარული მომავლის ხედვა ახალგაზრდების აქტიური მხარდაჭერით სარგებლობს. ევროკავშირი მოხარულია ხელი შეუწყოს მათი იდეების განხორციელებასა და ლიდერობას უფრო მდგრადი მომავლის შექმნის გზაზე“, – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.

„დღევანდელი ახალგაზრდებისთვის, მდგრადი განვითარება არა მხოლოდ შესწავლის საგანია. ეს ცხოვრების წესი და პრაქტიკული საქმიანობაა. ახალგაზრდა თაობა აცნობიერებს, რომ წარმოება, მოხმარება და ნარჩენების მართვა პლანეტის მომავალსაც განსაზღვრავს და ჩვენს პირად კეთილდღეობასაც“, – აღნიშნა დაგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

ნულოვანი ნარჩენის დღის აღნიშვნას წინ ორკვირიან საგანმანათლებლო კამპანია უძღოდა, რომლის დროსაც ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლისა და რამდენიმე სხვა სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრები, პრაქტიკული სემინარები და ახალგაზრდული დებატები გაიმართა.

„გარემოსდაცვითი ცნობიერება თანამედროვე განათლების განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა თანამედროვეობის გამოწვევებზე სრული ინფორმაცია მიიღონ. ეს ცოდნა მათ ცნობიერი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებებისთვის მოამზადებს“, – თქვა არჩილ სუმბაძემ, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის აკადემიურმა დირექტორმა.

ნულოვანი ნარჩენის დღის აღნიშვნა გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის მხარდამჭერი პროექტის  ფარგლებში.

ევროკავშირის შესახებ

ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა 30 წელზე მეტს ითვლის. საქართველოს განვითარების ხელშეწყობას ევროკავშირი სხვადასხვა გზით ახორციელებს, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერით, ცოდნის, გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაზიარებითა და ინოვაციების ხელშეწყობით. ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობა ქართველ ხალხთან მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. მეტი ინფორმაცია 

ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა

გაეროს ერთობლივი პროგრამა „მწვანე და ინკლუზიური ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის“ ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. მისი მიზანია გრძელვადიანი სისტემური ცვლილების მიღწევა ცირკულარული ეკონომიკის ასაშენებლად. პროგრამას საერთაშორისო ორგანიზაციების კონსორციუმი უძღვება, გაეროს სააგენტოებისა და ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს შემადგენლობით. ორწლიანი პროგრამის (2025-2027) ბიუჯეტი 4.4 მილიონ ევროს შეადგენს.