fbpx
Skip to main content

ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერას კიბერდანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლაში

22/06/2023

ევროკავშირი აძლიერებს საქართველოს ბრძოლას კიბერდანაშაულის წინააღმდეგ,  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთვის მაღალ-ტექნოლოგიური აღჭურვილობის და პროგრამული უზრუნველყოფის გადაცემის გზით.

ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადასცა 219,244 აშშ დოლარის ღირებულების მაღალ-ტექნოლოგიური აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS), EU SAFE პროგრამის ფარგლებში, შეიძინა.  

აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი – თეიმურაზ კუპატაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – კატალინ გერმანი და UNOPS საქართველოს ხელმძღვანელი – კლოდ-ანდრე ნადონი დაესწრნენ. 

კატალინ გერმანი, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი: “ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერას მათი ინსტიტუციური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გასაძლიერებლად დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. დღეს გადაცემული აღჭურვილობა ქართველ სამართალდამცავებს განსაკუთრებით გამოადგებათ კიბერდამნაშავეების გამოსავლენად,, ასევე კიბერდანაშაულის რთული შემთხვევების გამოსაძიებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დანაშაულის შემცირებას“.

სპეციალიზებული აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შეეძლებათ კიბერ დანაშაულის სწრაფი იდენტიფიცირება, ციფრული მტკიცებულებების დროული შეგროვება და ანალიზი, აგრეთვე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიმართულ კიბერშეტევებზე სწრაფი რეაგირება და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობების ციფრული ექსპერტიზა.

კლოდ-ანდრე ნადონი, UNOPS საქართველოს ხელმძღვანელი: “ევროკავშირის მხარდაჭერით, UNOPS-მა წარმატებით მიაწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა. ამიერიდან, ადგილობრივ სამართალდამცავებს ექნებათ წვდომა ისეთ ინსტრუმენტებზე, რომლებსაც ფართოდ იყენებენ ევროკავშირისა და აშშ-ის წამყვანი სამართალდამცავი უწყებები, და რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათი მუშაობის ხარისხს, სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მიმართულებით“.

გადაცემული აღჭურვილობა განსაკუთრებით კრიტიკული მნიშვნელობისაა ისეთი ტიპის დანაშაულების გამოსაძიებლად, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაული, ბავშვთა პორნოგრაფია, ფიშინგი/მავნე პროგრამები, ინფორმაციის უკანონო მითვისება/ქურდობა, სხვადასხვა სახის ინტერნეტ თაღლითობა და სხვა.

2020 წლიდან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, UNOPS-ის საქართველოს ოფისმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 1,523,663 აშშ დოლარის ღირებულების მაღალ-ტექნოლოგიური აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა. აღნიშნული დახმარება „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის” (SAFE) პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას.