fbpx
Skip to main content

ევროკავშირის დაფინანსებით რეგიონებში მცხოვრები ხელოვანებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მობილობის კონკურსი გამოცხადდა

10/07/2023

ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტმა EU4Culture, მობილობის მეოთხე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომელიც ფოკუსირებულია სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და მოლდოვას დედაქალაქებს გარეთ მცხოვრებ ხელოვანებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე. კონკურსის მიზანია,  კულტურის პროფესიონალებს შორის, კულტურათაშორისი დიალოგისა და ცოდნის გაცვლის ხელშეწყობა.

გრანტები განკუთვნილია სხვა ქვეყანაში სტაჟირებისთვის, სასწავლო ვიზიტებისთვის, კონფერენციებისთვის, პროფესიული განვითარებისთვის და სხვა საქმიანობისთვის, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებასა და კულტურათაშორის დიალოგს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნული ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში, ან სოფლებში მცხოვრებ, 18 ან მეტი წლის ხელოვანებსა და კულტურის ყველა სექტორის წარმომადგენელს.

საკონკურსო დაფინანსება მოიცავს ოთხი ტიპის მობილობას:

  1. მოკლევადიანი (7-10 დღე) – 1,500-მდე ევრო
  2. საშუალოვადიანი (11-35 დღე) – 3,500-მდე ევრო
  3. გრძელვადიანი (36-84 დღე) – 5,000-მდე ევრო
  4. ვირტუალური (სხვა ქვეყანაში მიმდინარე ღონისძიებაში ონლაინ მონაწილეობა) – 1,000-მდე ევრო

მობილობის პროექტების განხორციელება  შესაძლებელია 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის აგვისტომდე პერიოდში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

მობილობის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ატვირთონ სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი გოეთეს სააპლიკაციო პორტალზე (GAP).

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 25 სექტემბერი, 18:00 (ცენტრალური ევროპის დროით).

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ “EU4Culture მობილობის საკონკურსო გზამკვლევს”.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წინასწარ დარეგისტრირდნენ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც 2023 წლის 21 ივლისს, 13:00-ზე გაიმართება.

ევროკავშირის მხარდაჭერით,  პროექტმა EU4Culture, წინა სამი მობილობის კონკურსის ფარგლებში, 274  ხელოვანი და კულტურის პროფესიონალი დააფინანსა.

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს მხარდაჭერა. პროექტს, EU4Culture, გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ახორციელებენ.

საკონტაქტო პირი: მარიკა ჯაბუა, პროექტის EU4Culture კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში –  Marika.Jabua@goethde.de