fbpx
Skip to main content

ევროკავშირის დაფინანსებული საველე სკოლები ფერმერებს უსაფრთხო და მაღალხარისხიანი პროდუქტის წარმოებაში ეხმარება

27/11/2023

თამარ ქობლიანიძე 63 წლის ფერმერია გორის რაიონიდან, სოფელ ქიწნისიდან. უკვე რამდენიმე თვეა კოლეგებთან ერთად ფერმერთა საველე სკოლაში გადის ტრენინგებს. თამარ ქობლიანიძე ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ბენეფიციარია, რომელსაც ENPARD პროგრამის ფარგლებში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს.

საველე სკოლა მისივე სახლშია მოწყობილი. ქართველი ფერმერები დიდი ინტერესით ეცნობიან  თანამედროვე სტანდარტებს სურსათის უვნებლობაზე, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ევროპული ხარისხის, მაღალშემოსავლიანი პროდუქტი აწარმოონ. ტრენინგები რამდენიმე მიმართულებით ტარდება და მოიცავს როგორც მესაქონლეობას, ასევე მეფუტკრეობას. 

FAO-ს ვეტერინარი და სურსათის უვნებლობის ექსტენციის სპეციალისტი ანუკი ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ ფერმერულ სკოლებში, ბენეფიციარები იღებენ ცოდნას რძის მიღებისა და დამუშავების უსაფრთხო წესებზე, მაღალი სტანდარტით ყველისა და რძის სხვა პროდუქტების წარმოებაზე, სხვადასხვა დაავადებაზე და ა.შ.

ჩვენი ტრენინგები მოიცავს ყველის წარმოების განსხვავებულ ტექნოლოგიასაც, რომელიც ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი იმერული ყველი თუ სულგუნი. ამ მეთოდით პროდუქტის წარმოება ფერმერებს მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს,- აღნიშნავს ანუკი ნაცვლიშვილი. 

ფერმერი თამარ ქობლიანიძე ცდილობს, ახალი ცოდნა პრაქტიკაში დანერგოს – განსაკუთრებულ აქცენტს კი ისეთი დაავადებების პრევენციასა და აღმოჩენის მნიშვნელობაზე აკეთებს, რომლებიც ზედაპირულად, სპეციალური გამოკლვევის გარეშე არ ჩანს. 

ტრენინგები გვეხმარება, რომ წარმოებული პროდუქცია უსაფრთხო იყოჩვენთვისაც და მომხმარებლისთვისაც,- აღნიშნავს ფერმერი, რომელიც ამჟამად ორ ძროხასა და ორ ხბოს უვლის, აწარმოებს ყველსა და რძის პროდუქტებს. სკოლაში მიღებულ ინფორმაციას კი მეფუტკრეობაშიც ნერგავს. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საველე სკოლების მეშვეობით საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ ფერმერებს მეტი წვდომა აქვთ სურსათის უვნებლობის შესახებ თანამედროვე მიდგომებსა და ინფორმაციაზე. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სულ 84 მოქმედი სკოლაა, რომელსაც ამ დროისთვის 2 100 დატრენინგებული ბენეფიციარი ჰყავს. მნიშვნელოვანია, რომ გადამზადებულების დიდი ნაწილი ქალია, რომელსაც მცირე მეურნეობა აქვს. ინფორმაციისა და ცოდნის გადაცემის გარდა, ტრენინგები მონაწილეთა შორის ინტერაქციებსაც მოიცავს და კავშირების გამყარებას უზრუნველყოფს.