fbpx
Skip to main content

ქალები, რომლებიც უკეთესობისკენ ცვლიან ცხოვრებას

04/04/2024

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, კონფლიქტით დაზარალებულ სოფელ პერევში ადგილობრივი მეწარმეობა ვითარდება.

შიდა ქართლის სოფელი პერევი ცხინვალის რეგიონთან გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. ერთ დროს ყაირათიანი ფერმერობით ცნობილი დიდი სოფელი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა. გადაადგილების შეზღუდვის შედეგად, ადგილობრივ მაცხოვრებლებს ხელი აღარ მიუწვდებათ საზაფხულო საძოვრებსა და სათიბებზე, რაც უარყოფითად აისახება როგორც პერევისთვის ტრადიციულ მეცხოველეობასა და  მეფუტკრეობაზე, ისე სოფლის მეურნეობის სხვა დარგებზე.

შემოსავლების კლებასთან ერთად, შენელდა პერევის ცხოვრების ტემპიც, ხოლო ბევრმა მოსახლემ სხვაგან გადასვლა არჩია და საკუთარი კარმიდამო მიატოვა. პერევში დაჩენილი 150 ოჯახი საკმაოდ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს, თუმცა მხნეობასა და შემართებას ინარჩუნებს და მომავალს იმედიანად უყურებს.

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში, აქტიურად ეხმარებიან პერევის განვითარებას და მხარს უჭერენ პერეველებს მათი სოფლის გამოცოცხლებასა და უკეთესი მომავლის შექმნაში.

ბევრი ადგილობრივ ინიციატივა სარგებლობს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის საგრანტო მხარდაჭერით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციასთან, „რეგიონალური განვითარების მხარდაჭერის ცენტრთან“ პარტნიორობით ხორციელდება.  პერევში ამ დახმარებით უკვე 100-მდე ადამიანმა ისარგებლა და მიღებული რესურსებით საკუთარი საქმე წამოიწყო.  

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობა, რომელიც ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან,  თვითმმართველობასა და მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში წარიმართება, კონფლიქტით დაზარალებულ სხვა რეგიონებზეც ვრცელდება. 2023 და 2024 წლებში, აღნიშნული მხარდაჭერით ათასობით ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, მათ შორის 1,500-ზე მეტმა დევნილმა და კონფლიქტით დაზარალებულმა ქალმა ისარგებლა.

წარმატება, რომელიც სოკოსავით იზრდება

42 წლის ციცინო სისვაძე პერევის საჯარო სკოლის ექთანია. სოკოს მოყვანის მრავალწლიანი გატაცება მან სამეწარმეო იდეად აქცია და სოფელში ალტერნატიული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის პრეცედენტი შექმნა.

EU4Dialogue პროექტის მხარდაჭერით, ციცინომ ხის მორები, სოკოს მიცელიუმი და წვეთოვანი სარწყავი სისტემა შეიძინა და საკუთარი სახლის ეზოში კალმახა სოკოს მოყვანა დაიწყო. ციცინო მოუთმენლად ელოდება გაზაფხულის მოსვლას და სოკოს პირველ მოსავალს!

„საქართველოში, ქალები კვლავ ვერ ვახერხებთ, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობის გზები გამოვნახოთ. მინდა მივმართო ყველა ქალს, ვისაც ბიზნესის დაწყება სურს. მინდა ვუთხრა, რომ ვერაფერი შეგვაჩერებს. არ არსებობს “მე ქალი ვარ, მე არ შემიძლია“. მჯერა, რომ შრომა ადრე თუ გვიან ნაყოფს გამოიღებს“, – ამბობს ციცინო.

პურის თბილი სურნელი

პერევში ყველასთვის კარგად ნაცნობმა ექიმმა, 46 წლის ნანა კაპანაძემ ბოლო დროს პურის მცხობელის როლიც მოირგო. ახლადგამომცხვარი პური პერევში იშვიათი ფუფუნებაა, რადგან სოფლის მაღაზიები პურით კვირაში ერთხელ ქალაქიდან მარაგდება. ნანამ ამ პრობლემის მოგვარება და თანასოფლელებისთვის ხარისხიანი და გემრიელი პურის ცხობა ითავა.

EU4Dialogue პროექტის დახმარებით, მან საჭირო ინვენტარი შეიძინა და პატარა საცხობი გახსნა. ნანას პურმა მალევე გაითქვა სახელი. რაც უფრო ხშირად ტრიალებს სოფელში ახალგამომცხვარი პურის თბილი სურნელი, მით უფრო იმედიანად უყურებენ პერეველები მომავალს.

„საცხობი თუ გაფართოვდა, მეტი ადამიანის დასაქმებას შევძლებ. ჩემი სურვილია, სხვებსაც ვასწავლო გემრიელი პურის ცხობა. მეზობელი ქალებისთვის ჩემი გრანტი შთაგონების წყაროა. ხშირად უთქვამთ, რომ „ჭკვიანი“ და „სამაგალითო“ ვარ“, – გვიზიარებს ნანა.

ჯადოსნური სამკერვალო

ლიდა ენუქიძე 70 წლისაა, თუმცა ასაკი ხელს არ უშლის და მეწარმეობას მისთვის ჩვეული შემართებით ეკიდება. ლიდას საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპები არ აშინებს და რაც გადაუწყვეტია, ყველაფერს აღწევს.

კერვამ ახალგაზრდობაში გაიტაცა. ხელობას პროფესიულ სასწავლებელში დაეუფლა და სამკერვალოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, თანასოფლელ მზია ბერიძესთან ერთად საკუთარი სამკერვალო გახსნა. ბოლო ათი წლის მანძილზე, იღებდა შეკვეთებს როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული დამკვეთებისგან. 

ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით, ლიდამ სამკერვალოს მოდერნიზება და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა შეძლო, რამაც წლების წინ შექმნილი გარემო ბევრად კომფორტული გახადა. გრანტის მეშვეობით, მან მრავალფუნქციური საკერავი მანქანა, ელექტრო მაკრატლები, პროფესიული უთო და თარგის აქსესუარები შეიძინა. ერთ დროს მოკრძალებული სოფლის სამკერვალო ახლა დიდი შეკვეთების მიღებას ახერხებს, მათ შორის რეგიონის საავადმყოფოებისთვის თეთრეულის ნაკრებებს ამზადებს. 

„სოფლად მცხოვრებ ქალებს უამრავი დაბრკოლება გვხვდება. ეს გვიბიძგებს, რომ საკუთარი თავი ვიპოვოთ და უფრო ძლიერები გავხდეთ. მოტივაცია და კარგი მაგალითი ყველაზე მეტად გვჭირდება. თუ საკუთარ თავზე არ ვიზრუნეთ, ამას ჩვენს ნაცვლად არავინ გააკეთებს. ამ პროექტმა მასწავლა, რომ მეც შემიძლია სხვებისთვის მაგალითი გავხდე“, – ამბობს ლიდა.

ფრთიანი ბიზნესი   

45 წლის ხათუნა ბრეგვაძე პროფესიით ბიბლიოთეკარია, თუმცა ბოლო წლებია მეწარმეობასაც მიჰყო ხელი. მისი ისტორია შეუდრეკელი და ძლიერი ქალის მაგალითია, რომელიც გაჭირვებას არ უშინდება და წარმატებას აღწევს. 

სხვა პერეველი ქალების მსგავსად, ხათუნაც იძულებულია პროფესიული საქმიანობა ფერმერობას შეუთავსოს, რათა თავი გაიტანოს. ბოლო რვა წელია, საკუთარი სახლის ეზოში სახელდახელოდ გახსნილი მეფრინველეობა მისი შემოსავლის წყაროა. 

EU4Dialogue პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტის დახმარებით, ხათუნამ მეურნეობა გააფართოვა, ორი ინკუბატორი შეიძინა და  ელექტროენერგიის მომარაგებისთვის ელექტრო-გენერატორიც დაამონტაჟა. ამის შედეგად, გაიზარდა როგორც წიწილების, ისე კვერცხის გაყიდვები.

„მეფრინველეობა მეტია, ვიდრე შემოსავლის წყარო. ჩემი სურვილია ქალებს დავანახო, რომ ჩვენ გაჭირვებულ სოფელშიც კი შესაძლებელია უკეთესობისკენ შეცვალო ცხოვრება“. 

დამატებითი ინფორმაცია: 

EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა. პროექტი ხელს უწყობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაზრდას, საარსებო წყაროების შექმნას, გენდერული თანასწორობის მიღწევას, ახალგაზრდების ჩართულობასა და კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნას.

დისქლეიმერი:

წინამდებარე ისტორია შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, პროექტის EU4Dialogue ფარგლებში. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არა ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.