fbpx
Skip to main content

ევროკავშირი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად, მხარს უჭერს საქართველოში სურსათის უვნებლობის, მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის სფეროში მიმდინარე რეფორმებს

28/01/2024

– ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში სურსათის უვნებლობისა და SPS სექტორის მხარდაჭერა ENPARD IV-ის ფარგლებში“, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა სამდღიანი სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის რეგულაცია 2017/625-ის შესახებ.

აღნიშნული ღონისძიება არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობაში ოფიციალური კონტროლის რეგულაცია #625-ის დანერგვასთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ ჩეხეთიდან და იტალიიდან მოწვეული ექსპერტები  და ესწრებოდნენ საქართველოს მცენარეთა დაცვის, სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სფეროს  ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები. ღონისძიება შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართა.

სამუშაო შეხვედრის პირველი ორი დღე დაეთმო ევროკავშირის 2017/625 რეგულაციას ოფიციალური კონტროლის შესახებ, მის ზოგად საკითხებს, მოთხოვნებს და  ევროკავშირის რეგულაცია 2016/2031-სთან კომბინაციით მცენარეთა სიჯანსაღის სფეროში მისი იმპლემენტაციას. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ მცენარეთა დაცვის ექსპერტები ჩეხეთის რესპუბლიკიდან, მიხალ ჰნიზდილი და პეტრ ვაცულიკი. სესიები ფოკუსირებული იყო ზემოაღნიშნული რეგულაციების ინტერპრეტაციაზე/გააზრებაზე, მცენარეთა სიჯანსაღის სფეროში ოფიციალურ კონტროლისთვის და მოიცავდა ინფორმაციას ევროკავშირისა და ჩეხეთის გამოცდილების შესახებ. მესამე დღეს რუჯერო ურბანმა, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტმა იტალიიდან, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის 2017/625 რეგულაციის შესაძლო დანერგვაზე საქართველოში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროს 40-ზე მეტმა პროფესიონალმა. სამუშაო შეხვედრის შინაარსი ეხმაურებოდა საქართველოს შესაბამიის სფეროში არსებულ გამოწვევებს. საგანმანათლებლო სესიები მოიცავდა შემდეგ თემებს:

  • ევროკავშირის რეგულაცია 2017/625: მისი წარმოშობა და ადგილი ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სისტემაში, ძირითადი პრინციპები და განმარტებები.
  • კომპეტენტური ორგანოები – ზოგადი ვალდებულებები, ყოველწლიური კონტროლის გეგმები – ჩეხეთის გამოცდილება და პირობები ცხოველთა და საქონლის კავშირში შესვლისათვის. კომპეტენტური ორგანოს პასუხისმგებლობა და მცენარეთა სიჯანსაღის სტრუქტურა და ფარგლები ჩეხეთის რესპუბლიკაში ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით II; მცენარეთა ჯანმრთელობის სფეროში ოფიციალური კონტროლის ძირითადი წესები.
  • მცენარეთა სიჯანსაღის სფეროში ოფიციალური კონტროლის ძირითადი წესები II; ფიტოსანიტარული იმპორტის კონტროლი ევროკავშირის შესვლის პუნქტებში – ჩეხური მიდგომა.
  • მცენარეთა ფიტოსანიტარული გამოკვლევა წარმოების ადგილებზე და ბაზარზე, როგორც ოფიციალური კონტროლის ნაწილი – ჩეხური მიდგომა; ხის შესაფუთ მასალაზე ნიშნის გამოყენების უფლებამოსილი ოპერატორების ოფიციალური კონტროლი – ჩეხური მიდგომა.
  • ჩეხეთის ეროვნული საცნობარო ლაბორატორია მცენარეთა სიჯანსაღის დიაგნოსტიკაში – სტრუქტურა და კომპეტენცია ოფიციალური კონტროლის რეგლამენტის შესაბამისად.
  • ჩეხეთის გამოცდილება მცენარეთა სიჯანსაღის რეგულაციებისა და ოფიციალური კონტროლის რეგულაციებთან და შემდგომი პროგრესი; ჩეხეთის გამოცდილება მცენარეთა სიჯანსაღის რეგულაციებისა და ოფიციალური კონტროლის რეგულაციებთან და შემდგომი პროგრესი II. 

„მადლობას ვუხდი ამ ღონისძიების მონაწილეებს და ორგანიზატორებს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას ამ პირველი ნაბიჯების გადადგმისთვის სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ოფიციალური კონტროლის შესახებ საქართველოს  კანონმდებლობის ევროკავშირთან დაახლოების მიზნით. ეს მიდგომა, ცხადია, ეფექტურად დაიცავს კულტურების სიჯანსაღეს, ფერმერების შემოსავლებს, ბიომრავალფეროვნებასა და გარემოს; და უზრუნველყოფს მცენარეებისა და მცენარეული პროდუქტების ხარისხს და სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობას, რომელიც იწარმოება პასუხისმგებელი ფერმერების მიერ და დაკავშირებულია სურსათის ბიზნესოპერატორების მიერ გაშენებულ მცენარეებთან. ეს საწყისი ნაბიჯი არა მხოლოდ ასახავს საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან DCFTA-ს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზრის წვდომის გაფართოებასა და დივერსიფიკაციას, არამედ ასევე ითვალისწინებს ევროკავშირში უახლესი „ფერმიდან სუფრამდე სტრატეგიის“ განხორციელებას მცენარეთა დაცვის ქიმიური პროდუქტების საერთო გამოყენებისა და რისკის 50%-ით შემცირებით, ხოლო 2030 წლისთვის – საფრთხის შემცველი პესტიციდების გამოყენების 50%-ით შემცირებით“ დენის რეისი, ატაშე – პროგრამის ოფიცერი, მდგრადი სურსათის სისტემები, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

„ჩეხეთს ჯერ კიდევ აქვს უახლესი გამოცდილება ევროკავშირის რეგულაციების 2017/625 და ევროკავშირის 2016/2031 რეგულაციების იმპლემენტაციის შესახებ, რომლებიც ასე მჭიდროდ არის დაკავშირებული მოსახლეობის ცხოვრების ხარისხთან. მოხარული ვართ, რომ ჩეხ ექსპერტებს, რომლებიც ჩართულები არიან ზემოაღნიშნული რეგულაციების განხორციელებაში, შეუძლიათ გაუზიარონ გამოცდილება ქართველ პროფესიონალებსა და პარტნიორებს“. ბლანკა მ. რემეშოვა, საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებული პროექტების ხელმძღვანელი, ჩეხეთის განვითარების სააგენტო.

„საქართველოში სურსათის უვნებლობის სტანდარტების ევროკავშირთან დაახლოების პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობა, ხოლო ოფიციალური კონტროლის სისტემის რეგულაცია არის საქართველოში სურსათის უვნებლობის სრული სისტემის ქვაკუთხედი. მოხარული ვართ, რომ ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD პროგრამის ფარგლებში, ჩვენს ჩეხ კოლეგებთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით მხარს ვუჭერთ ამ პროცესს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მომავლისთვის“, ხავიერ სანს ალვარესი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორი.

საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, ევროკავშირთან საქართველოს საკანონმდებლო დაახლოების გეგმის მიხედვით, მომავალ წელს ქვეყანამ უნდა განახორციელოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ოფიციალური კონტროლის შესახებ ევროკავშირის რეგულაცია 2017/625-ს იმპლემენტაცია. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო კონტროლი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით უნდა მიუახლოვდეს ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობას. 2023 წლის 27-29 ნოემბერს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გამართული სამუშაო შეხვედრა წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილს აღნიშნული მიმართულებით.

***
ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით,  ENPARD პროგრამა, 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა, სოფლის მეურნეობაში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან, პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას, სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერითაც, ENPARD IV-ის, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.

კონტაქტი

  • ნინა კოპალეიშვილი, კომუნიკაციის კოორდინატორი, ჩეხეთის განვითარების სააგენტო; kopaleishviliext@czechaid.cz, +995 598 94 00 04  
  • ნათია ხულუზაური, კომუნიკაციის ოფიცერი, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია; natia.khuluzauri@fao.org, +995577245502