fbpx
Skip to main content

„კაფუნე“ – სოციალური საწარმო რუსთავში, რომელიც ახალგაზრდებს ეკონომიკურ გაძლიერებაში ეხმარება

27/11/2023

რუსთაველ ახალგაზრდებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, ქალაქში არც ისე ბევრი სივრცე გვაქვს, სადაც შეკრებას შევძლებთ, ერთმანეთს საკუთარ იდეებს გავუზიარებთ, გემრიელადაც მივირთმევთ და საღამოს სასიამოვნო დროის გატარებასაც შევძლებთო. თუმცა ერთი ასეთი ადგილი მაინც აუცილებლად გაახსენდებათ – „კაფუნე“.

„კაფუნე“ სოციალური საწარმოა – კაფე-რესტორანი, მრავალფეროვანი მენიუთი და გემრიელი კერძებით. თუმცა, ამის პარალელურად, სულ სხვა დატვირთვასაც ატარებს. ამ სივრცის შექმნის იდეა ლუკა კობერიძეს 2017 წელს გაუჩნდა, როცა მიხვდა, რომ მას და მის თანატოლებს რუსთავში  თავშეყრის ადგილი სჭირდებოდათ.

მაშინ ლუკამ არც ბიზნესის კეთების შესახებ იცოდა ბევრი რამ და არც სოციალური მეწარმეობის. თუმცა, მოგვიანებით, როცა ევროკავშირისა და CSRDG-ს ერთობლივი პროექტის შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა, საკუთარი იდეისთვის სწორედ ეს დატვირთვა მიეცა. პროექტი მოამზადა, ევროკავშირის დაფინანსებაც მიიღო და სოციალური საწარმოც აამუშავა.

„გვინდოდა, შეგვექმნა სივრცე, სადაც, გარდა გართობისა, ახალი იდეების განხორციელება, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე, სხვადასხვა თემატიკაზე შეხვედრებისა და ლექციების ჩატარება იქნებოდა შესაძლებელი“, – იხსენებს ლუკა და აღნიშნავს, რომ სწორედ ევროკავშირის პროექტში მონაწილეობის შემდეგ, „კაფუნეში“ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებიც დაასაქმეს, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.

„პრობაციონერებისა და ყოფილი მსჯავრდებულებისთვის გადამზადების 6 თვიანი პროგრამა გვაქვს, ვცდილობთ ისეთ პროფესიებს დაეუფლონ, როგორებიცაა მზარეული და ბარმენი. შემდეგ, ან ჩვენთან ვასაქმებთ, ან სხვაგან დასაქმებაში ვეხმარებით“, – ამბობს ლუკა და სიამაყით აღნიშნავს იმასაც, რომ რთული გზის და არაერთი გამოწვევის მიუხედავად, 2019 წლიდან დღემდე, „კაფუნემ“ 10 ათასამდე უნიკალურ სტუმარს და 100-მდე კულტურულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებას უმასპინძლა. ამჟამად, კაფე-რესტორანი 16 ადამიანს ასაქმებს, საიდანაც 12 ახალგაზრდაა და 1 კი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი.

ასე აქცია ლუკამ გამოწვევა შესაძლებლობად, საკუთარი ბიზნესი კი სივრცედ, რომელიც ახალ შესაძლებლობებს რუსთავში მცხოვრებ სხვა ახალგაზრდებსაც გაუჩენდა. „მიხარია, როცა ვხედავ, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ქალაქში და საკუთარ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა სურთ, ჩემს მაგალითზე, სტიმული მიეცათ და დაინახეს, რომ ეს ნამდვილად შესაძლებელია“, – აღნიშნავს ლუკა და მიიჩნევს, რომ ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერა და იმ ღირებულებების ერთგულება, რომელსაც ევროპა ატარებს უმნიშვნელოვანესია.

სოციალური მეწარმეობა ისეთი ბიზნეს მოდელია, რომელსაც ეკონომიკურთან ერთად სოციალური მიზანი აქვს. ევროკავშირი, სოციალური მეწარმეობის განვითარების მიმართულებით, CSRDG-ის 2016 წლიდან უჭერს მხარს. ხელშეწყობა როგორც ფინანსურ, ისე ინტელექტუალურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. ევროკავშირის მხარდაჭერით, უკვე 50-ზე მეტი სოციალური საწარმოს დაფუძნებასა და გაძლიერებას შეეწყო ხელი.