fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერით, „ტექგოგო“ ქალებს ეკონომიკურ გაძლიერებაში ეხმარება

„ტექგოგო“ ქალებს ეკონომიკურ გაძლიერებაში ეხმარება

ტურაჯ იბრაგიმოვა მარტოხელა დედაა – 2 შვილთან ერთად მარნეულში ცხოვრობს. მისი მთავარი საზრუნავი საკუთარი შვილების კეთილდღეობაა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ქვემო ქართლის რეგიონში ქალების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება განსაკუთრებით რთულია.

„დიდი ხანია, ციფრული მარკეტინგის შესახებ სასწავლო კურსებს ვეძებდი. მინდოდა ეს სფერო შემესწავლა, რადგან მაინტერესებდა და ვფიქრობდი, რომ სამომავლო დასაქმებისთვის კარგი წინაპირობა იქნებოდა. თუმცა, ჩემი ფინანსური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას არ მაძლევდა“, – იხსენებს ტურაჯი.

მოგვიანებით, მან მარნეულში ახლადგახსნილი სოციალური საწარმოს „ტექგოგოს“ შესახებ გაიგო, რომელიც ევროკავშირისა და CSRDG-ს მხარდაჭერით შეიქმნა და ქალებს ტექნოლოგიური განათლების მიღებასა და კარიერულ წინსვლაში ეხმარება. ტრენინგის ფარგლებში, ციფრული მარკეტინგი თეორიულად შეისწავლა. ახლა კი პრაქტიკას თბილისში, სარეკლამო კომპანიაში გადის.

„კურსის დასრულების შემდეგ, ვაპირებ, ჩემთვის საყვარელ სფეროში დავსაქმდე, ჩემი ფინანსური მდგომარეობა გავაუმჯობესო და ჩემი შვილების მომავალზე ვიზრუნო“, – ამბობს ტურაჯი და აღნიშნავს, რომ ახლა უფრო რეალიზებულად გრძნობს.

„ტექგოგოს“ პროექტის მონაწილეა 22 წლის აიდა ურუჭოვაც, რომელმაც მის რეგიონში გავრცელებულ ადრეული ქორწინების მავნე პრაქტიკაზე უარი თქვა და გადაწყვიტა, სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინა. ახლა მეორე კურსზეა და, სწავლის პარალელურად, „ტექგოგოს“ დახმარებით, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, სტაჟირების კურსს გადის.

„სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში, გოგონებს განვითარების შესაძლებლობა არ აქვთ. მე კი სწავლა ყოველთვის მიყვარდა. ამიტომაც, განათლების მიღების გზა ავირჩიე. როდესაც „ტექგოგოს“ შესახებ გავიგე, მივხვდი, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო ჩემთვის, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეყენებინა“, – ამბობს აიდა და მიიჩნევს, რომ „ტექგოგო“ მის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის, მისი თანატოლი გოგონებისთვის კი მაგალითი იქნება, რომ ადრეულ ასაკში ოჯახი არ შექმნან, განათლების მიღებაზე უარი არ თქვან და საკუთარი მიზნებისთვის იბრძოლონ.  

„ტექგოგოს“ მიზანიც სწორედ ეს არის – ქალების მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება. ამ მიზნით, პროექტის წარმომადგენლები მარტოხელა დედებთან და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან  სწორედ ქვემო ქართლში მუშაობენ – რეგიონში, სადაც ქალების ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მწირი შესაძლებლობები არსებობს, ხელისშემშლელი ფაქტორები კი ბევრად მეტია.

„ეს არის უნიკალური სოციალური საწარმო, რომელიც, ერთი მხრივ, გადაამზადებს ქალებს ციფრულ პროფესიებში, მეორე მხრივ კი, ქმნის დასაქმების ადგილს. შედეგად, ქვემო ქართლში მცხოვრებ ქალებს ეძლევათ შანსი, რომ გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა“, – განმარტავს „ტექგოგოს“ დამფუძნებელი თეო ქავთარაშვილი და აღნიშნავს, რომ, პროექტის ფარგლებში, უკვე 12 მონაწილე გადამზადდა, რომელთაგან 6 სხვადასხვა სარეკლამო კომპანიაში სტაჟირებას გადის.

ასე გახდა „ტექგოგო“ ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის სტიმული იმისთვის, რომ საკუთარ სურვილებზე უარი არ თქვან, უფრო გაბედულები იყვნენ და წარმატებისა და დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯები თამამად გადადგან. სამომავლოდ კი, პროექტის შემქმნელები „ტექგოგოს“ სხვა რეგიონებში გადატანას გეგმავენ, რათა ეკონომიკურად გაძლიერების შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტ ქალს მიეცეს.

ეკონომიკისკამპანიისისტორია, ეკონომიკურიგანვითარებისისტორია