fbpx
Skip to main content

ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში პირველი სოციალური მეწარმეობის პროფესიული სკოლა-სახელოსნო გაიხსნა

კოდალა

გიორგი კალაჩიანი ერთ-ერთია იმ 25 ადამიანს შორის, რომლებიც სოციალურ საწარმო „კოდალაში“ მუშაობენ. ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებისა და სუვენირების დასამზადებლად საჭირო უნარები ბენეფიციარმა სწორედ „კოდალას“ დახმარებით გამოიმუშავა. აქამდე, ხეზე მუშაობა არც ისე კარგად ვიცოდიო, იხსენებს გიორგი და მოხარულია, რომ, მის მსგავსად, პროფესიის შესწავლას ახლა აქ სხვებიც შეძლებენ – ევროკავშირის დაფინანსებით, „კოდალას“ საწარმოში, სოციალური მეწარმეობის პროფესიული სკოლა-სახელოსნო გაიხსნა.

„კოდალა“ „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის“ ინიციატივის ფარგლებში, პროექტის „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“ (SEAG) მიერ დაფინანსდა, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-ისა და მისი პარტნიორების: ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარების პრინციპების“ მიერ ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სოციალურ საწარმოს ევროკავშირისგან გრანტი გადაეცა. შედეგად, სკოლა თანამედროვე მანქანა დანადგარებით აღიჭურვა, ტექნიკური გადაიარაღების ფონზე კი წარმოება 15-20%-ით გაიზარდა – ახლა „კოდალაში“ თვეში 7 000-მდე ერთეული სათამაშოს დამზადება შეუძლიათ. გაფართოების შემდეგ საწარმოში ახალი თანამშრომლების საჭიროებაც გაჩნდა – მომავალ წელს „კოდალა“ დამატებით 10 სამუშაო ადგილს შექმნის. აქცენტი კვლავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე გაკეთდება.

„სკოლაში მიღებული ცოდნის შემდეგ, ჩვენი ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრების რეალიზაცია „კოდალას“ სარეალიზაციო ხაზის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვცდილობთ, წარმოების დეცენტრალიზაცია მოვახდინოთ – სკოლაში შეძენილი უნარების დახმარებით, სათამაშოებისა და სუვენირების შესაქმნელად საჭირო გარკვეული დეტალები რეგიონებში დამზადდეს, საბოლოო სახე კი პროდუქციას თბილისში მიეცეს. შედეგად, სამუშაო ადგილები რეგიონებშიც შეიქმნება და ბენეფიციარები შესაბამის ანაზღაურებასაც მიიღებენ“, – აღნიშნა „კოდალას“ დამფუძნებელმა კოტე სვანაძემ, რომელიც ამიერიდან უკვე სოციალური მეწარმეობის სკოლასაც უხელმძღვანელებს.

იმ ფონზე, რომ სოციალური მეწარმეობა საქართველოში ახლა ვითარდება, მეწარმეობის სკოლის გახსნა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. პროექტის მიზანია, პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნით, 18-დან 29 წლამდე ასაკის ბენეფიციარებმა, თბილისიდან, კახეთიდან და შიდა ქართლიდან, მომავალი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო უნარები მიიღონ და დასაქმების მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ.

 „ამ წამოწყებით, „კოდალა“ ხელს უწყობს სოციალური მეწარმეობის განვითარებას და პოპულარიზაციას. დღეს, მსოფლიოს მასშტაბით, სოციალური მეწარმეობა ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბიზნეს მოდელია. იმედი გვაქვს, რომ ეს პრეცედენტი სხვა მეწარმეებისთვისაც მისაბაძი მაგალითი გახდება და, ამ გზით, საერთაშორისო პრაქტიკას საქართველოც დაეწევა“, – განმარტავს საქართველოში ევროკავშირის ახალგაზრდობის და კულტურის პროგრამების მენეჯერი ნინო სამველიძე და აღნიშნავს, რომ დასაქმების მსგავსი ფორმა უმნიშვნელოვანესია იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებიც შრომის ბაზარზე ამ შესაძლებლობას მოკლებულები არიან.

ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი ორ ქვეყანაში – სომხეთსა და საქართველოში ხორციელდება და, მის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებით, ჯამში, 33 სოციალური საწარმო დაფინანსდა. პროექტის მთავარი ამოცანა სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია, შშმ პირების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, მათთვის ინკლუზიური გარემოს შექმნა და ახალგაზრდების დასაქმებაა, განსაკუთრებით რეგიონებში.

„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს გარკვეული უნარ-ჩვევები შეიძინონ და სოციალურ საწარმოში დასაქმდნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი სოციალურად დაუცველ და შშმ პირებს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, რათა მათ იმ პრობლემატური გარემოდან თავის დაღწევა შეძლონ, რომელშიც დღეს უწევთ ცხოვრება“, – განაცხადა SEAG-ს პროექტის დირექტორმა გიგა სარუხანიშვილმა.

სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერით, ამიერიდან, „კოდალას“ სოციალური მეწარმეობის სკოლაში ბენეფიციარები ახალი პროფესიის დაუფლებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, ხეზე მუშაობის, ავეჯის დამზადების, კომპიუტერული პროგრამირებისა და მხატვრული დამუშავების შესწავლას შეძლებენ, რაც მათ რესოციალიზაციაში, სამომავლო დასაქმებასა და ეკონომკურ გაძლიერებაში შეუწყობს ხელს. თავად სოციალური საწარმო კი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას მოახდენს – „კოდალას“ სათამაშოები ხელმისაწვდომი ევროკავშირის კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში გახდება.

ევროკავშირიახალგაზრდებისათვისახალიამბები