fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შრომის ბაზრის კვლევებით, ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და მოთხოვნადი პროფესიები გამოვლინდა

შრომის ბაზრის კვლევა

ევროკავშირის პროგრამის “განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში დაფინანსებულმა შვიდმა პროექტმა, ადგილობრივი შრომის ბაზარი შეაფასა და სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების ბარიერები გამოავლინა .

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შრომის ბაზრის კვლევების მთავარი შედეგების პრეზენტაცია, ევროკავშირის პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ საგრანტო პროექტების ორგანიზებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა.

კვლევების შედეგად, შეფასდა, საქართველოს ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებები და გამოვლინდა სამუშაოს მაძიებელთათვის არსებული ბარიერები. სამიზნე რეგიონებში ჩატარებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ რეალობა რეგიონების მიხედვით არსებითად არ განსხვავდება დასაქმების ბარიერების აღქმის თვალსაზრისით.

კვლევების მიხედვით, ერთ-ერთ მთავარი ბარიერად როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე სამუშაოს მაძიებელთათვის,  სამუშაოს მაძიებელთა დაბალი კვალიფიკაცია გამოიკვეთა, რასაც ხშირად არასაკმარისი სამუშაო გამოცდილება, საკუთარი ცოდნისა და უნარების არასათანადო შეფასება და ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინები ახლავს თან.  კვლევების თანახმად, შრომის ბაზრის ერთერთი გამოწვევა, რეგიონებიდან შრომითი რესურსის მიგრაციაა, ასევე აღსანიშნავია, პოტენციურ დამსაქმებელსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობა.

„ევროკავშირი 2008 წლიდან მხარს უჭერს საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ დღეს საინტერესო კვლევების და მიგნებების განხილვის საშუალება გვეძლევა ფართო დაინტერესებულ მხარეებთან. ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი დისკუსია, დაეხმარება საქართველოს მთავრობას, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორს, ასევე დონორ საზოგადოებას, დაადგინონ თუ რა ტიპის ჩართულობაა საჭირო ამ გამოწვევების ერთობლივად გადასაჭრელად,“ – განაცხადა ნინო ყოჩიშვილმა, განათლების პროგრამების კოორდინატორი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევების ფარგლებში, გამოვლინდა ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და მოთხოვნადი პროფესიები. კვლევებმა ცხადჰყო, რომ ადგილობრივი შრომის ბაზარზე, დეფიციტურია ტექნიკური და დარგობრივი კვალიფიკაციები, ხოლო განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მოკლე-ვადიანი პროგრამები, რომლებიც თვითდასაქმებას უწყობს ხელს. სამუშაოს მაძიებლები უმეტესად იმ დარგებით ინტერესდებიან, რომლებიც ბიზნეს სუბიექტების სიმრავლითა და შესაბამისად, დასაქმების მაღალი შესაძლებლობებით ხასიათდება.

„პროფესიული განათლების პოლიტიკის დაგეგმვის დროს მნიშვნელოვანია ემპირიული მონაცემები, რომელიც დაფუძნებული იქნება გარკვეული შრომის ბაზრის საჭიროებებზე. წარმოდგენილი კვლევები დაეხმარება განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ასევე პროფესიული უნარების სააგენტოს, პროფესიული განათლების სისტემის პოლიტიკის შემუშავებისას. დარწმუნებული ვართ, საგანმანთლებლო დაწესებულებები ასევე, გაითვალისწინებენ კვლევის მიგნებებს და რეკომენდაციებს, პროფესიული პროგრამების დანერგვის დროს“, – განაცხადა ნათია გვირჯიშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეციენერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტმენტის უფროსის მოადგილე

კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ, მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები და შეთანხმდნენ კვლევების რეგულარულად გაგრძელების აუცილებლობაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნარების სააგენტოს, ახალგაზრდობის სააგენტოს, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს და სხვა უწყებებისა და საგრანტო პროექტის წარმომადგენლები.

პროექტის შესახებ:

შვიდი მილიონი ევროს ღირებულების ცხრა საგრანტო პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის ფარგლებში. „განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის მეორე ფაზა 2018 წელს დაიწყო, რომლის მიზანია ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდების და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების გაუმჯობესება თბილისში და საქართველოს რეგიონებში. პროგრამა ხორციელდება დახმარების ღონისძიებების პაკეტის საშუალებით, რომელშიც შედის საქართველოს მთავრობის საბიუჯეტო დახმარება, ორი ინსტიტუციური დაძმობილების პროექტი, საგრანტო სქემის კომპონენტი და ტექნიკური დახმარების პროექტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

თათია ხუბულავა, კომუნიკაციის ექსპერტი | tkhubulava@gmail.com

დანართი – მოკლე ინფორმაცია კვლევების შესახებ:

  1. 1.      პროექტი: ადგილობრივი პარტნიორობების საშუალებით უწყვეტი განათლებისათვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნა (CBLLL)

კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი ბარიერი როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე სამუშაოს მაძიებლთათვის არის სამუშაოს მაძიებელთა დაბალი კვალიფიკაცია, რასაც ხშირად თან ახლავს არასაკმარისი სამუშაო გამოცდილება, საკუთარი ცოდნისა და უნარების არასათანადო შეფასება და გადაჭარბებული მოლოდინი ანაზღაურებასთან დაკავშირებით. კვლევამ ასევე გამოავლინა სეზონური სამუშაო ძალის დაქირავების პრობლემა (განსაკუთრებით ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში), რადგან სამუშაოს მაძიებელთა მაღალი გადინება ხდება სხვა რეგიონებში და/ან სხვა ქვეყნებში.

საკონტაქტო ინფორმაცია:      ნინო გურგენიძე, nino.gurgenidze@undp.org 

2. პროექტი: უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისათვის – საქართველოს რეგიონებში არსებულ შესაძლებლობებზე მორგება (SECTORs)

კვლევის მიხედვით, შრომის ბაზრის ერთ-ერთი გამოწვევა რეგიონებიდან შრომითი რესურსის მიგრაციაა. სამუშაოს მაძიებლები იმ დარგებით ინტერესდებიან, რომელიც ბიზნეს სუბიექტების სიმრავლითა და შესაბამისად, დასაქმების მაღალი შესაძლებლობებით ხასიათდება. კადრების მოძიების გზებიდან ყველაზე გავრცელებულია პირადი კონტაქტები და მათგან მიღებული რეკომენდაცია. ადგილობრივ შრომის ბაზარზე ტექნიკური და დარგობრივი კვალიფიკაციის დეფიციტია და განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს მოკლევადიანი პროგრამები, რომლებიც თვითდასაქმებას უწყობს ხელს.

საკონტაქტო ინფორმაცია:      თამარ ღლონტი,  ici.info.02@gmail.com

3. პროექტი: სწავლა, ვარჯიში, მიღწევები, მიღება, ქსელი დასაქმებისათვის (LEARN for Employment!)

კვლევამ გამოავლინა სამიზნე რეგიონებში მოთხოვნილი პროფესიული პროგრამები, კერძოდ, გამოკითხულმა მცირე და საშუალო ბიზნესმა დაასახელა შემდეგი კვალიფიკაციების დეფიციტი: მარნის მასპინძელი – იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, კვების მომსახურება და სტუმართმოყვარეობა – შიდა ქართლი და კახეთი, ჩაის მასპინძელი გურია.

საკონტაქტო ინფორმაცია:      ლიკა კილაძე, lika_kiladze@edec.ge

4. პროექტი: ადგილობრივი ქსელური ინვესტიციები ცოდნისა და უნარების გაზიარების მიზნით (LINKs)

კვლევამ გამოავლინა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა არ თანამშრომლობს პროფესიულ სასწავლებლებთან. პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობის ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში დასახელდა, ყველაზე ნაკლები კი ქვემო ქართლში. ყველაზე დიდი მოთხოვნა სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სფეროში მომუშავე სამუშაო ძალაზეა, ყველაზე ნაკლები კი – მენეჯერულ პოზიციებზე. ბიზნეს სუბიექტების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე ძირითადი მოთხოვნა საშუალო და დაბალი საფეხურის განათლების ან პროფესიულ განათლების მქონე კადრებზეა. 

საკონტაქტო ინფორმაცია:      თეონა ლებანიძე, teona@una.ge 

5. პროექტი: ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მყოფი ახალგაზრდებისათვის (CoLLLab)

პროექტმა ჩაატარა კვლევა ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსების შესახებ, ახალგაზრდებისთვის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. კვლევის მონაცემებით მიხედვით გამოვლინდა, რომ დარგში ახალგაზრდა დასაქმებულთა წილი ძალიან დაბალია. ლაბორატორიებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის დონე ასევე მინიმალურია. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სკოლებსა და კოლეჯებში საბაზისო ჰიგიენური ნორმების გარდა, არ არსებობს განსაკუთრებული უსაფრთხოების ნორმები.

საკონტაქტო ინფორმაცია:      ნინო ინასარიძე, nino.inasaridze@tsu.ge

6. პროექტი: კოდირებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ახალგაზრდული კლუბების ქსელის განვითარება

ტექ-კლუბებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადგინა, რომ ის სტუდენტები, რომლებიც რეგულარულად ესწრებიან ტექ-კლუბების კურსებს, განიხილავენ სწავლის გაგრძელებას ტექნოლოგიურ სფეროებში. პირველი კურსის დასრულების შემდეგ ტექნიკური პროფესიების მიმართ ინტერესი 10%-ით იზრდება. იმ რესპონდენტებს, რომლებიც არ განიხილავენ ტექნიკურ კარიერას, სურთ სწავლა იმ სპეციალიზაციით გააგრძელონ, რომლებიც კავშირშია ტექ-კლუბებში ჩატარებულ ტრენინგების კურსებთან, როგორიცაა არქიტექტურა, ხელოვნება, გრაფიკული დიზაინი და ა.შ.

საკონტაქტო ინფორმაცია:      ქეთევან დარახველიძე, ketevan.darakhvelidze@iliauni.edu.ge   

7. პროექტი: უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები რეგიონული განვითარებისათვის

სამიზნე რეგიონებში (გურია, კახეთი და ქვემო ქართლი) ჩატარებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ რეალობა რეგიონების მიხედვით არსებითად არ განსხვავდება დასაქმების ბარიერების აღქმის თვალსაზრისით. კვლევამ რეგიონებში შემდეგი ძირითადი ბარიერები გამოკვეთა: სამუშაო გამოცდილების სიმწირე, რაც სტაჟირების შესაძლებლობის არარსებობასაც უკავშირდება; ცოდნისა და უნარების განახლების შესაძლებლობის არარსებობა; ინგლისური ენის არ-ცოდნა. ქვემო ქართლში დასაქმების შიდა ბარიერად ასევე იდენტიფიცირდა ქართული ენის არცოდნა, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვისაა აქტუალური, განსაკუთრებით უფროს ასაკობრივ ჯგუფში.

საკონტაქტო ინფორმაცია:      ანა ფილაური, ana.pilauri@csrdg.ge

უნარებიდასაქმებისთვისახალიამბები