fbpx
Skip to main content

ევროკავშირი და CENN მხარს უჭერს სოფლის განვითარებას – ქალი მეწარმის წარმატების ისტორია წალკის მუნიციპალიტეტში

09/09/2022

თუ ახალი ადგილების აღმოჩენა გიყვართ და მოგზაურობისას კულტურის შეცნობაც გაინტერესებთ, მაშინ დამეთანხმებით, რომ ადგილობრივი კერძების დაგემოვნება მსგავსი თავგადასავლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

შვებულების ნაყოფიერად და ზაფხულის ცხელი დღეების გრილად გატარება თუ გსურთ და თან საინტერესო ადგილების აღმოჩენასაც გეგმავთ, სადაც ბუნებით ტკბობასთან ერთად ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას თანამედროვე და მყუდრო გარემოში შეძლებთ, მაშინ დროა ჩანთის ჩალაგება დაიწყოთ და წალკაში წახვიდეთ.

ამ სტატიაში გიამბობთ, თუ რა გზა გაიარა ელენამ იმისათვის, რომ წალკაში ჩამოსული სტუმრებისათვის გემრიელი კერძებითა და ულამაზესი გარემოთი დაემახსოვრებინა თავი. 

ელენა ჩამურლიდი წალკაში მდებარე რესტორან „პონტია“-ს მფლობელი და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

რესტორანი სტუმრებს მრავალფეროვან კერძებს, მათ შორის ბერძნულ ტრადიციულ კერძებსა და თევზის ასორტიმენტს სთავაზობს. ელენას სჯერა, რომ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული მსგავსი ინიციატივები, ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის და ამასთან, რეგიონის პოპულარიზაციისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რესტორანი წლების წინ ელენას მამამ გახსნა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მან ბიზნესის მართვა საკუთარ თავზე აიღო. ელენას რესტორნის მოდერნიზება და ბიზნეს საქმიანობის გაფართოება დიდი ხნის მანძილზე სურდა. გასულ წელს, ელენამ საკუთარი იდეა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ‘ეს წალკაა’ საგრანტო კონკურსში წარადგინა და 82000 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო.

„მინდა, წალკაში ჩამოსულ სტუმრებს, ჩემი რესტორნით მუნიციპალიტეტზე კარგი შთაბეჭდილება შევუქმნა. მრავალი წელია საოჯახო ბიზნესს ვმართავ და ყოველთვის მინდოდა რესტორნის მოდერნიზება. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და პირადი ინვესტიციით, ჩემი ბიზნესი, უფრო კომფორტული და თანამედროვე გავხადე. რესტორნის მოდერნიზების შემდეგ, მომხმარებელთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა, რის გამოც, მიზნად დავისახე კვალიფიციური კადრების დასაქმება და ბიზნესის გაფართოება,“ – გვიყვება ელენა.

ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგად ელენამ რესტორნის კეთილმოწყობა, შიდა და გარე სივრცეების განახლება და ახალი დანადგარების შეძენა შეძლო, რამაც წლების წინ შექმნილი გარემო ბევრად კომფორტული და მყუდრო გახადა. რესტორნის ინტერიერი მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი და ის ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარით არის აღჭურვილი.

„მხოლოდ მომსახურების ხარისხი წარმატებას ვერ მოიტანს, რესტორანი, თანამედროვე მოთხოვნებსაც უნდა პასუხობდეს. რომ არა ეს გრანტი, ჩემს გეგმებსა და ხედვას ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით ვერ განვახორციელებდი. ამ გეგმებზე დიდი ხანი ვფიქრობდი და ახლა უკვე ევროკავშირის და CENN-ის ფინანსურმა მხარდაჭერამ ჩემი გეგმების რეალიზების საშუალება მომცა,“ – ამბობს ელენა.

რესტორნის მართვაში ელენასთან ერთად ჩართულია მისი ოჯახის ყველა წევრი. ამასთან, ელენა ექვს ადგილობრივსაც ასაქმებს, მათი უმეტესობა ქალია. თავად ელენა აქტიური მოქალაქეა და საკუთარი ბიზნესსაქმიანობის მიღმა, ცდილობს წვლილი შეიტანოს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და გენდერეული უთანასწორობის დაძლევაში. საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე, ელენას მიაჩნია, რომ სოფლად მცხოვრებ ქალებს, ბიზნეს და საზოგადოებრივი საქმიანობის წარმართვის შესანიშნავი უნარი აქვთ. იმისთვის, რომ მათი საზოგადოებრივი ჩართულობა და დამოუკიდებლობა გაიზარდოს, სოფლად მცხოვრებ ქალებს, შესაბამისი შესაძლებლობების შექმნა ესაჭიროებათ. ევროკავშირის მხარდაჭერით,  CENN-ის ძალისხმევა სწორედ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებისთვის საჭირო პირობების შექმნას უწყობს ხელს.

„სოფლად მცხოვრები ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოფლის ეკონომიკურ თუ სოციალურ განვითარებაში. სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება მნიშვნელოვანია ცალკეული ინდივიდების, ოჯახებისა და სოფლის თემების კეთილდღეობისთვის და ზოგადად ეკონომიკური ზრდისთვის. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის ადგილობრივების გაძლიერების და მუნიციპალიტეტის განვითარების მიმართულებით,“  ამბობს ელენა.

ელენა წარმოშობით ბერძენია. ის სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, ბერძნულ, თურქულ, რუსულ ენებს და საუბრობს ქართულადაც. ევროპაში მიღებული ეკონომიკური განათლება მას საშუალებას აძლევს პროფესიონალურ დონეზე მართოს საკუთარი ბიზნესი, მათ შორის უხელმძღვანელოს მარკეტინგულ და საორგანიზაციო საქმიანობებს.

ელენას ბიზნეს იდეა ერთ-ერთია წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით დღემდე დაფინანსებული 55 ადგილობრივ პროექტს შორის. ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, წალკის LAG-ი, ორგანიზაცია CENN-თან ერთად, უკვე მესამე წელია წალკის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარებაზე, ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებაზე და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციაზე მუშაობს. მხარდაჭერილი პროექტების საქმიანობა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, არასასოფლო-სამეურნეო, კომერციულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს მოიცავს. ევროკავშირის 2 მილიონი ევროს ფინანსური კონტრიბუციითა და მხარდაჭერით, პროექტი “ეს წალკაა”, მიზნად ისახავს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ დივერსიფიკაციას.