Skip to main content

თხილის ნაჭუჭი მოსავლის შემდგომ დანაკარგს ამცირებს

სექტემბერი 28, 2026

ახალი საშრობები თხილის ნაჭუჭით თბება და ფერმერებს ქართული თხილის უძვირფასესი მოსავლის დანაკარგის შემცირებაში ეხმარება

თხილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეორე უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტია. სწორი შრობა და კარგი პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია თხილის დასაცავად აფლატოქსინისგან, რომელიც წარმოიქმნება არასწორად დასაწყობებულ თხილში და რომელსაც შეუძლია მოსავალი გაანადგუროს. © FAO / გურამ საყვარელიძე

შეთე ქემოკლიძე 31 წლის ფერმერია, რომელსაც ცხოვრების დიდი ნაწილი თხილთან აქვს დაკავშირებული.

„თხილთან ერთად გავიზარდე,” ამბობს ის. “13 წლის ვიყავი, როცა მამაჩემმა ეს ბაღი გააშენა. დილის ხუთ საათზე მაღვიძებდა ხოლმე და ერთად ვაკეთებდით ყველაფერს”.

შეთეს ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე 17 ჰექტარი მიწიდან, 13 სრულ საწარმოო რეჟიმშია, ოთხი ახლად გაშენებულია. უახლოეს მომავალში კიკიდევ ხუთი ჰექტრის გაშენება იგეგმება. შეთე ანაკლიური ჯიშის თხილის ბაღებს აშენებს და ყოველი ჰექტრიდან წელიწადში სულ მცირე სამ ტონა თხილს იღებს.

ოთხი წლის წინ, შეთეს თავს უპრეცენდენტო რამ გადახდა – თხილის გადამყიდველმა მისი გაგზავნილი პროდუქტი უკან დაუბრუნა. „ჩემს თხილში აფლატოქსინი აღმოაჩინეს,” იხსენებს შეთე.

აფლატოქსინი მომწამვლელი ნივთიერებაა, რომელიც სოკოვანი ინფექციისგან წარმოიქმნება, როცა თხილი სინესტეშია – ნიადაგზე, გაურჩეველი ან საწყობში. „მოსავალში თუ აფლატოქსინი აღმოჩნდება, თხილი ვარგისი აღარაა”, ამბობს შეთე. “ პროდუქცია უნდა გადაყარო, გაანადგურო. ასე, ოთხი წლის წინ დაახლოებით 20 000 აშშ დოლარი დავკარგე.”

სასურსათო დანაკარგი განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც მცენარეს ზრდი, უვლი, მისგან მოსავალს იღებ გასაყიდად და შემდეგ ყრი მანამ, სანამ ის მომხმარებლამდე მივა. ეს არა მხოლოდ ეკონომიკურ ზარალთან და ფერმერის კეთილდღეობისთვის უარყოფით შედეგებთანაა კავშირში, არამედ ეკოლოგიური და ფინანსური რესურსების დანაკარგებთანაც, რომლებიც პროდუქტის წარმოებისთვის დაიხარჯა. 

დღეს შეთე ბევრად უკეთესადაა აღჭურვილი სურსათის დანაკარგისა და აფლატოქსინის რისკების აღმოსაფხვრელად, რის გამოც მას ერთხელ მთელი მოსავალი წყალში ჩაეყარა. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში, ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებითა და  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, შეთემ სურსათის უვნებლობის ტრენინგი გაიარა და თანამონაწილეობრივი გრანტი მიიღო თხილის საშრობის შესაძენად. შეძენილი ცოდნა და დანადგარი ახლა მის მოსავალს დაკარგვის საშიშროებისგან იცავს. 

“ამას პირდაპირპროპორციულად თხილის არასწორი შრობა იწვევდა”, ამბობს შეთე. 

ოქრო ხეზე იზრდება

დაკარგული მოსავალი კიდევ უფრო მტკივნეული მაშინაა, როდესაც ნაყოფიერ მოსავალს შეადარებ. “საქართველოში თხილი ნამდვილად ძვირფასი პროდუქტია”, ამბობს შეთე. “თხილი ნავთობივითაა, როგორც ნავთობია შავი ოქროსავით”. 

2025 წელს საქართველომ 165.1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 18 100 ტონაზე მეტი თხილი გაიტანა ექსპორტზე. თხილი და სხვა კაკალი ქვეყნის სოფლის მეურნეობის უმსხვილესი  სასაქონლო პოზიციების სიაში მეორე ადგილზეა. (საქსტატი, საქონლით საგარეო ვაჭრობა საქართველოში, 2025). ევროკავშირი კი ყველაზე დიდი ბაზარია და გასულ წელს თხილის ექპორტის ჯამური ღირებულების 65% შეადგინა. 

ამ დროს, აფლატოქსინი აღიარებული რისკია თხილის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში. ის იწვევს ღვიძლის კიბოს, ხოლო ბავშვებში – ზრდის შეფერხებას. 

მომხმარებლების ღვიძლის დაავადებებისგან დასაცავად, ევროკავშირი იმპორტს მკაცრად ამოწმებს. 2025 წელს, მისმა სურსათისა და ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის სისტემამ (RASFF) აფლატოქსინის გამო ქართული თხილის 17 პარტიის საზღვარზე უარყოფა დააფიქსირა. 

სწორედ აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით ეთმობა დღეს თხილის სექტორში ამხელა ყურადღება ბაღისა და მოსავლის აღების შემდგომი ოპერაციების მართვას.

ხილული დეფექტისგან განსხვავებით, აფლატოქსინის აღმოჩენა ადვილი არაა, რის გამოც სწორი შრობა უმნიშვნელოვანესია.

როცა მოსავალს აიღებ და შემდეგ ყრი მანამ, სანამ მას ვინმე მიირთმევდეს, დანაკარგი განსაკუთრებით მტკივნეულია არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ ბუნებრივი და ფინანსური რესურსების თვალსაზრისითაც, რომლებიც პროდუქტის წარმოებისთვის დაიხარჯა. © FAO / გურამ საყვარელიძე

საშრობი ნაჭუჭით იკვებება

შეთე უკვე დადიოდა FAO-ს სურსათის უვნებლობის ტრენინგებზე, როცა შეიტყო ქართველი თხილის მწარმოებლებისთვის განკუთვნილი თანამონაწილეობრივი გრანტის შესახებ.

ამ ფინანსური მხარდაჭერის გამოყენებით, შეთემ თანამედროვე საშრობი და ლენტური კონვეიერი შეიძინა. 

ინოვაციურობა იმაში მდგომარეობს, რომ ღუმელი ცხელდება თხილის ნაჭუჭის მეშვეობით, რაც ხშირ შემთხვევაში ნარჩენად აღიქმება. “ახლა ნარჩენი ჩვენთვის მთავარი რესურსია შრობისთვის”, ამბობს შეთე. “ასე ვკრავთ მოსავლის აღების, გადამუშავების და ნაჭუჭის გატეხვის წრეს, სადაც ნაჭუჭი მამოძრავებელ ძალად გარდაიქმნება”. 

ანალოგიურად, გულით ზეთი იწარმოება და ნარჩენი ფქვილად გარდაიქმნება ხოლმე. 

“ასე, არაფერი იყრება” აღნიშნავს შეთე. მისთვის შემდეგი ნაბიჯი მულჩერის შეძენაა, რომელიც ნასხლავის ნიადაგში ჩაბრუნებას გახდის შესაძლებელს. 

დახმარების ხელი მეზობლებისთვის

შეთე და გრანტის მიმღები სხვა ფერმერები თხილს მათი მეზობლებისთვისაც აშრობენ – ასობით ტონა თხილს, რომელიც სხვა შემთხვევაში გროვებად განთავსდებოდა საშრობად, არსებული კლიმატური პირობების იმედად. 

“ახლა თხილის შრობას ის ფერმერებიც ითხოვენ, რომლებიც სამიდან ხუთ ტონამდე მოსავალს იღებენ და სურთ მისი სწრაფი მართვა, აფლატოქსინისგან დასაცავად“. 

FAO-ს ENPARD პროგრამის მეშვეობით, რომელსაც ევროკავშირი და შვედეთი აფინანსებს, საქართველოს თხილის მწარმოებლებმა სურსათის უვნებლობის ტრენინგი გაიარეს და  თანამონაწილეობრივი გრანტები მიიღეს თხილის საშრობების შესაძენად, რათა დაცული იყოს ფერმერთა მოსავალი და შემცირდეს სურსათის დანაკარგი. © FAO / გურამ საყვარელიძე 

ყოველი ნაბიჯი მნიშვნელოვანია

შეთეს გამოცდილებით, კახური თხილი განსაკუთრებით ფასეულია. ხარისხი კი დამოკიდებულია სურსათის უვნებლობის სტანდარტების თანმიმდევრულ დაცვაზე და შესაბამის აღჭურვილობაზე, მათ შორის საშრობებზე, ხელმისაწვდომობაზე.

„ეს ბევრ რამეს მოიცავს”, შეთე აღნიშნავს.  „ჯერ დამუშავებაა, მერე მოსავლის რაც შეიძლება სწრაფად აღება. შემდეგ გაშრობის დრო მოდის და ბოლოს პროდუქტის სწორ პირობებში შენახვა.”

ამ ნაბიჯების გარეშე თხილის ხარისხი და ფასი შესაძლოა დაეცეს, არარეალიზებადი გახდეს ან მოსავალი სრულად დაიკარგოს. მეორე მხრივ, თხილი ქართველი ფერმერებისთვის უზარმაზარ შესაძლებლობას წარმოადგენს.

„სოფლის მეურნეობაში ცოტა კულტურა ინარჩუნებს სტაბილურობას”, შეთე ამბობს. “თხილია სწორედ ასეთი. ის ფასს ინარჩუნებს და ფინანსურ სირთულეებს არასდროს ქმნის, თუ სწორად უვლი.”

მოსავლის შემდგომი დანაკარგის შემცირება არა ერთჯერადი გადაწყვეტა, არამედ თანმიმდევრულად გადადგმული ნაბიჯების ერთიანობაა. საშრობი ამ პროცესი მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა სურსათის უვნებლობის პრაქტიკა მთელ ღირებულებათა ჯაჭვს უნდა გაჰყვეს. სწორი ტრენინგითა და აღჭურვილობით სურსათის დანაკარგის თავიდან აცილება შესაძლებელია.

ქვეყნის ექსპორტის ზრდასთან ერთად იზრდება რისკის ქვეშ მყოფი მოცულობაც. მაგრამ როგორც ქართული ოქრო, თხილი იმსახურებს მასში ჩადებულ შრომას. 

პროექტის შესახებ

ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.