fbpx
Skip to main content

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საინფორმაციო ჰაბი – www.csrgeorgia.com

საქართველოში პირველად, საინფორმაციო ვებპორტალი www.csrgeorgia.com ჩაეშვა, რომელიც ვიზიტორებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა (CSR) და კორპორაციული მდგრადობის შესახებ მრავალფეროვან რესურსებს სთავაზობს.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საინფორმაციო ჰაბი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, სადაც ერთად არის თავმოყრილი მრავალმხრივი, სრული, უახლესი ინფორმაცია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, მდგრადი განვითარების და პასუხისმგებელი ბიზნესის შესახებ როგორც გლობალურად, ისე საქართველოში. ეს ერთადერთი საინფორმაციო ვებპორტალია საქართველოში CSR-სა და კორპორაციული მდგრადობის შესახებ.

მსგავსი პორტალის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების კუთხით საქართველოში. ამ სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ექნება CSR-ის შესახებ მრავალფეროვანი ინფორმაცია მოიპოვოს ვებგვერდზე, სადაც გამარტივებული საძიებო სისტემით აღჭურვილი მრავალი რესურს-გვერდი და მონაცემთა ბაზა არის განთავსებული.

CSRDG-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის კოორდინატორმა, ლელა ხოფერიამ განაცხადა: „ვებგვერდის მიზანია ხელი შეუწყოს ცოდნის გავრცელებას, CSR-ის კონცეფციის პოპულარიზაციას, პასუხისმგებელი ბიზნესის პრაქტიკის დამკვიდრებას საქართველოში. ეს პლატფორმა უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ ერთ სივრცეში, ქართულ ენაზე ნახოთ ამ თემასთან დაკავშირებული უამრავი მასალა – საინფორმაციო სტატიები, საერთაშორისო სტანდარტები, პუბლიკაციები, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, სახელმწიფო პოლიტიკები სხვადასხვა ქვეყანაში, სიახლეები და მრავალი სხვა.“

ვებგვერდი განკუთვნილია კომპანიების ხელმძღვანელებისა და CSR მენეჯერებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის, ასევე სამოქალაქო ცნობიერების მქონე მომხმარებლების, კომპანიის თანამშრომლებისა და უბრალოდ, პასუხისმგებელი მოქალაქეებისთვის, ვისაც სურს იცოდეს მეტი მდგრადი განვითარებისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ.

ინფორმაცია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ შესახებ:

ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

ინფორმაცია განმახორციელები ორგანიზაციის შესახებ:

CSRDG არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1995 წელს და იგი სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის 25 წელს ითვლის. CSRDG დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას).

საკონტაქტო პირი

სალომე თოფურიძე; საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი – CSRDG; (+995) 599 326 555  ელ. ფოსტა: salometopuridze@csrdg.ge

CSRისტორიები