fbpx
Skip to main content

„მამების სკოლის“ მიღწევები საქართველოში

06/10/2022

5 ოქტომბერს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „ვიზრუნოთ ერთად“ უმასპინძლეს ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში „მამების სკოლის“ მიღწევების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას, მიღებული გამოცდილების გაანალიზებას და შემდგომი ნაბიჯების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორმა ჰასან მოჰთაშამიმ,  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების გუნდის ხელმძღვანელმა დომენიკ პაპენჰეიმმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა და გაგუას კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გაგუა, ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ წარმომადგენელმა და პროექტის „კაცები ზრუნავენ“ თანადამფუძნებელმა მირიან ჯუღელმა და „მამების სკოლის“ მონაწილეებმა.

„მამების სკოლა“ 2021 წელს გაიხსნა თბილისსა და ქუთაისში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. „მამების სკოლის” პროგრამა ეხმარება კაცებს, მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის, ასევე, იმ სტერეოტიპებისა და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც არსებითი თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს.

2021 წლიდან დღემდე, თბილისსა და ქუთაისში, „მამების სკოლის“ პროგრამა 50-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის კაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან სამ წლამდე ბავშვის მამაა. სკოლაში სწავლა უფასოა. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე, „მამების სკოლის“ პარტნიორები არიან „გაგუას კლინიკა“ თბილისში და ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი „ჰერა“ ქუთაისში.

„მამების სკოლა“ დაფუძნდა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს

მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და კაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.