fbpx
Skip to main content

როგორ ეხმარება ევროკავშირის მხარდაჭერით CENN სოფლის განვითარებას: წალკელი ფერმერების შეცვლილი ცხოვრება

ევროკავშირი/CENN_ის მხარდაჭერა სოფლის განვითარებას / EU/CENN support rural development

წალკელმა ფერმერმა დავით მარკოიძემ წელს თავის სასათბურე მეურნეობაში ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოს, კიტრი-პომიდვრისა და სალათის ასი ათასი ჩითილი გამოზარდა. მისი ბროკოლი ქვეყნის სამხრეთ მხარეში, ადიგენშიც კი მოხვდა. 34 წლის ფერმერი ენდო სტეფანიანი კი კარტოფილის 600 ტონა მოსავალს ელოდება. ენდო წელს ახალ ევროპულ სათესლე ჯიშებსაც ცდის იმისთვის, რომ შემდეგ ხარისხიან თესლზე წვდომა თანასოფლელებსაც შეეძლოთ.

ამ სტატიაში გიყვებით როგორ მოვიდნენ წალკელი ფერმერები აქამდე.

500 კვადრატული მეტრით დაწყებული მეკარტოფილეობა

„მქონია ისეთი პერიოდები, როცა ვფიქრობდი, რომ არაფერი გამომივიდოდა და სჯობდა ამ საქმეს შევშვებოდი, მაგრამ, ახლა პირიქით, გაფართოებაზე დავიწყე ფიქრი“, – წალკელ ფერმერს ენდო სტეფანიანს ამბიციური გეგმა აქვს, უნდა, რომ  კარტოფილის იმპორტირებული ნახევარფაბრიკატები ადგილობრივით ჩაანაცვლოს.

მართალია, იქამდე რთული გზაა გასავლელი, მაგრამ, სირთულეების აღარ ეშინია.

დიდ ფერმერობამდე 34 წლის ენდო სტეფანიანმა რთული და ხანგრძლივი გზა გაიარა.

15 წლის წინ, 19 წლის ენდო თბილისიდან წალკაში, სოფელ აიაზმაში გადასახლდა. ენდოს შრომა უყვარდა. მეზობელ სოფელში, გუმბაშში, 500 კვადრატული მეტრი მიწა იქირავა და 300 კილოგრამი კარტოფილი დათესა.

 „კარტოფილი ისეთი კულტურაა, ბევრი შრომა სჭირდება, მაგრამ, თუ კარგად მოუვლი, მოსავალს აუცილებლად მიიღებ. მე შრომა სიამოვნებას მანიჭებს, ჩემთვის ეს პროცესი ძალიან საინტერესოა“, – ამბობს ახალგაზრდა ფერმერი.

19 წლის ენდოს პირველი იმედი გამართლდა. ასე დაიწყო თბილისელმა ენდომ მეკარტოფილეობა წალკაში.

ნელ-ნელა ენდომ მეურნეობის გაფართოება დაიწყო. მიწის ნაკვეთებს ან ყიდულობდა, ან იჯარით იღებდა. ენდომ მთავარ ხაზად სათესლე კარტოფილის წარმოება აირჩია და ევროპიდან უცხოური ჯიშების შემოტანა დაიწყო. მათ ჯერ თავად ცდიდა, ადაპტაციას აკვირდებოდა, შემდეგ კი საქართველოს ბაზარზე ჰყიდდა.

„წელს ხუთი ახალი ჯიში მაქვს სადემონსტრაციო, ერთი გერმანული და ოთხი ჰოლანდიური. ახლა ვაკვირდები როგორ შეეგუება აქაურ კლიმატს, როგორ მოსავალს მომცემს და შემდეგ გავავრცელებ“, – მეუბნება ახალგაზრდა ფერმერი.

ამით ენდო სხვა ფერმერებსაც აძლევს საშუალებას თავიანთი სათესლე მასალის ხარისხის გააუმჯობესონ და ახალი ჯიშები შედარებით დაბალ ფასად შეიძინონ.

წლიდან-წლამდე ენდოს მეურნეობაც ფართოვდებოდა და კლიენტების გეოგრაფიული არეალიც. ახლა წალკელი მეკარტოფილის სათესლე მასალა ქვეყნის ყველა კუთხეში იყიდება.

ასი მეასედიდან დაწყებული მეურნეობა ახლა 27 ჰექტარს ითვლის – 10 ჰექტარი უკვე მისი საკუთრებაა, 17 ჰექტარი კი იჯარით აქვს აღებული. ენდოს მხოლოდ კარტოფილი არ მოჰყავს.

„რადგან მიწა ითხოვს თესლბრუნვას რომ არ გამოიფიტოს, ამიტომ სადაც წელს კარტოფილია, იქ მომავალში ქერს ან ხორბალს დავთესავ. შემდეგ ისევ კარტოფილს და ასე. თუმცა, ძირითადი აქცენტი კარტოფილზე მაქვს“.

წელს, 27-დან 15 ჰექტარზე კარტოფილი აქვს დათესილი და დაახლოებით 600 ტონა მოსავალს ელოდება.

მეკარტოფილეობა დიდი შრომასთან ერთად ბევრ ხარჯს მოითხოვს. 15 წლის განმავლობაში ენდო სტეფანიანმა ნელ-ნელა იმ ტექნიკის შეძენა დაიწყო, რაც მიწის დასამუშავებლად სჭირდებოდა (ტრაქტორი, სათესი, კულტივატორი, საწამლი, ფრეზი, ამოსაყრელი.)  ამით, წარმოების ხარჯები შეამცირა. თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო.

ენდოს ერთი, ყველაზე დიდი პრობლემა ჰქონდა – მოყვანილი მოსავლის სათანადოდ შენახვა. სოფელში არსებული ძველ საწყობში სათანადო პირობები არ იყო, კარტოფილის დიდხანს შენახვა შეუძლებელი იყო და ენდოს მოსავალი უფუჭდებოდა.

„როცა ადგილი არ გაქვს, ძალიან რთულია. შრომა და ხარჯიც მეტია – მიღებული მოსავალი შორს მიმქონდა, საწყობში, მეტი მუშა-ხელი მჭირდებოდა, კარტოფილიც ზიანდებოდა გადატანა -გადმოტანაში“.

ამ პრობლემის მოგვარებაში ახალგაზრდა ფერმერს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ეს წალკაა“ დაეხმარა. პროექტის ფარგლებში ენდომ 800 კვადრატული მეტრის ფართობის საწყობი ააშენა, რომელიც მოსავლის მოსაყვან მიწასთან მდებარეობს.

ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, რომ ამ დახმარების გარეშე, მისი სახსრებით საწყობის აშენება გაუჭირდებოდა. საწყობის გარეშე ენდოს მოსავლის შენახვა ძვირი უჯდებოდა, ამავე დროს, რადგან ძველ საწყობში სათანადო პირობები არ იყო, დიდხანს ვერ ინახავდა.

ახალმა საწყობმა შენახვის ხარჯი მნიშვნელოვნად შეამცირა იმის ფონზე, რომ მოსავლის გადმოტვირთვას მუშა-ხელი აღარ სჭირდება – საწყობი ისეა დაპროექტებული, რომ მასში თავისუფლად შედის სატვირთო ავტომობილები და პირდაპირ მანქანიდან იცლება მოსავალი:

„საწყობი იმდენად მაღალია, რომ მანქანა პირდაპირ შედის და ცლის. მუშა-ხელი აღარ გჭირდება, არც ბევრი გადატანა-გადმოტანა“

საწყობი მიწის ნაკვეთთან ახლოს მდებარეობს. ეს დამატებითი სარგებელი აღმოჩნდა – თესვის ოპტიმალური დრო და ხარჯი შემცირდა. საბოლოოდ, ენდოს მეურნეობისთვის ახალ საწყობს ჯაჭვური რეაქციის ეფექტი აღმოაჩნდა – შემცირებულმა ხარჯებმა, მოსავლის დიდხანს შენახვის პერსპექტივამ ფერმერს მეურნეობის გაფართოებისკენ უბიძგა:

„თუ ორი წლის წინ მეურნეობის მასშტაბის გაზრდაზე აღარ ვფიქრობდი, რადგან შესანახი არ მქონდა, მოსავალი მიფუჭდებოდა, ახლა უკვე გაფართოებაზე ვფიქრობ. საწყობი ევროპული სტანდარტებისაა, იქ ისეთი პირობებია, რომ მთელი წელი შეგიძლია კულტურების შენახვა, არ ფუჭდება“.

პროექტი „ეს წალკაა“ საქართველოს ერთ-ერთ მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში, წალკაში ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, 2018 წელს დაიწყო.  ამ პროექტს ორგანიზაცია  CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.  პროგრამის მიზანი სოფლის განვითარების მხარდაჭერა, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და მოსახლეობის ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

საწყობის ასაშენებლად, გასულ, 2021 წელს, ენდომ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირისგან, 204 423 ლარი მიიღო 109 319 ლარი მისი თანამონაწილეობა იყო.

ამ საწყობში მოსავლის შენახვა მის თანასოფლელებსაც შეუძლიათ. ენდო ამბობს, რომ ერთი ტონა მოსავლის დაბინავებაში დაახლოებით 20 ლარს იხდიან.

ეს ყველაფერი არ არის, ევროკავშირის მხარდაჭერით ენდომ საწყობისთვის სორტირების დანადგარიც შეიძინა. ეს დანადგარი კარტოფილის გადარჩევის პროცესს ამარტივებს. ამ შესაძლებლობით კი, ენდოს გარდა, მისი თანასოფლელებიც სარგებლობენ.

თანასოფლელები ენდოს ფერმერულ მეურნეობაშიც არიან ჩართული.  ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, რომ როგორც კი გამოზაფხულდება, მის მეურნეობაში 6-7 ადამიანი მუდმივად არის დასაქმებული.

შემოდგომით, მოსავლის აღება რომ დაიწყება, ენდო 50 ადგილობრივს ასაქმებს (კარტოფილის ამკრეფავებს, ძირითადად ქალებს, ერთი თვით), შემდეგ ეტაპზე, სორტირებისას კი საწყობში კიდევ 7-8 ადამიანი საქმდება:

„ეს კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივებისთვის გარკვეული პერიოდით მაინც ჰქონდეთ შემოსავალი. ამავე დროს, რომ ხედავენ სხვის წარმატებას, ეს მათთვისაც სტიმულის მიმცემია და სოფელი გამოცოცხლდა“.

ახალგაზრდა ფერმერს ახლა ამბიციური გეგმა აქვს – საქართველოს სასურსათო მაღაზიებში იმპორტირებული კარტოფილის ნახევარფაბრიკატები ადგილობრივი, მისი ნაწარმოებით ჩაანაცვლოს.

წალკაში მოყვანილი ბროკოლის გზა ადიგენამდე

 „წელს ასი ათასი ჩითილი გამოვზარდე და 95% გავყიდე“, – სიამაყით მიყვება სოფელ განთიადში მცხოვრები დათო მარკოიძე წალკაში მოყვანილი ბროკოლების ისტორიას.

ენდოს მსგავსად, დათოც ქვემო ქართლში მცხოვრები ფერმერია. დათოს ოჯახი უკვე ბევრი წელია ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და სხვადასხვა ბოსტნეული კულტურები მოჰყავს.

მარკოიძეების მოყვანილი კიტრი-პომიდორი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო თუ ფერად-ფერადი სალათის ფურცლები, თბილისის თითქმის ყველა ბაზარში იყიდება. მარკოიძეები ამბობენ, რომ მათ უკვე დიდი ხანია ერთგული კლიენტები ჰყავთ.

თუმცა, ენდოს მსგავსად, დათომაც რთული გზა გაიარა, გზა რომელიც ბევრ შრომას და ენერგიას მოითხოვდა და ხშირად, ზარალიც მოჰქონდა.

წალკაში მკაცრი კლიმატია. ბოსტნეულის ჩითილების მოყვანა ადგილზე რთულია, ამიტომ, დათოს ოჯახი ნერგებს მარნეულში, ან თბილისში ყიდულობდა.

„ჩითილებს დიდი მოფრთხილება სჭირდება, თუ სათანადოდ შეფუთული არ იყო, ტრანსპორტირებას ხშირად ვერ უძლებდა და ნაყიდი ნერგების 30% მაინც ფუჭდებოდა“– მიყვება დათო მარკოიძე.

იმის გამო, რომ ნერგები დათოსაც სულ სჭირდებოდა და მის თანასოფლელებსაც, დათომ რვა წლის წინ ჩითილების სახლში გამოზრდა დაიწყო. მოყვანილი ნერგების ნაწილს თავად ოჯახი რგავდა მოსავლის მისაღებად, ნაწილს კი ჰყიდდა.

მარკოიძეების ჩითილებმა ადგილობრივების ნდობა მალე დაიმსახურეს. დათო ჩითილებზე მოთხოვნას ვეღარ აუდიოდა, ამიტომ, გადაწყვიტა სანერგე მეურნეობა მოეწყო.

დათოც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ბენეფიციარია. ამ პროგრამით მან ორი წლის წინ, 2020 წელს ისარგებლა.

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მარკოიძეებმა მათ საკუთრებაში არსებულ 200 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბური გააკეთეს.

ევროკავშირისგან დათომ 16,511 ლარი მიიღო, მისი თანამონაწილეობა კი 5,504 ლარი იყო.

დათოს მთავარი მიზანი ხარისხიანი პროდუქტის წარმოება, მომხმარებლისთვის ხარისხიანი ჩითილის ადრეულ ეტაპზე მიწოდება და პროდუქტზე მოთხოვნების სრულფასოვნად დაკმაყოფილებაა:

„როდესაც ჩითილი ადგილობრივად არის ხელმისაწვდომი, უფრო ეფექტურია და 100-დან 100% გახარებადია. წელს გვქონდა 100 000-ჩითილამდე და მისი 95% წინასწარი შეკვეთა იყო“.

მარკოიძეების საოჯახო ბიზნესში ოჯახის მრავალწლიანი გამოცდილების ოთხი წევრია ჩართული. პერიოდულად დათოს სათბურში დამატებით სამი-ხუთი ადგილობრივიც მუშაობს:

„თუ იქამდე 500-დან 1000 მეტრამდე მონაკვეთზე 1000-დან 1500-მდე ჩითილს ვრგავდით, ახლა მოსავლის მისაღებად ნერგების რაოდენობა 25 000-მდე გავზარდეთ. გარდა ამისა, ცალკე ვყიდით ჩითილებს და ეს ცალკე შემოსავალია“

დათო ამბობს, რომ სათბურის წყალობით მარკოიძეების საოჯახო წარმოება დაახლოებით 200%-ით გაიზარდა.

რატომ არის პროექტი „ეს წალკაა“ მნიშვნელოვანი წალკისთვის

წალკა ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე მრავალეთნიკური მუნიციპალიტეტია და  მოსახლეობის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თუმცა, ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ამ მხარეში, ისევე როგორც საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, წლების განმავლობაში ცენტრიდან მოწყვეტილობის განცდა მძლავრობდა.

სოფლები ნელ-ნელა იცლებოდა, ახალგაზრდები წალკას ტოვებდნენ, რადგან იქ პოტენციალს ვერ ხედავდნენ.

არადა, წალკაში შესანიშნავი პირობებია სოფლის მეურნეობისა და  აგროტურიზმის განვითარებისთვის. და არამხოლოდ – ამ კუთხეს დიდი შესაძლებლობები აქვს სამთო ტურიზმის განსავითარებლადაც.

სწორედ, ამ ნიშნით შეირჩა თავის დროზე წალკის მუნიციპალიტეტი, როგორც ერთ-ერთი ბენეფიციარი მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ.

ევროკავშირის ამ პროგრამამ ადგილობრივ ფერმერებს ფინანსურ რესურსებზე, ახალ ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე გაუადვილა წვდომა. საფუძველი ჩაეყარა თემის საჭიროებებზე დაფუძნებულ, ქვემოდან ზემოთ მართვის პრინციპსა და თანამონაწილეობრივი დაგეგმვის  ევროპულ პრაქტიკას.  ერთეული ბენეფიციარების ისტორიები კი მაგალითი აღმოჩნდა სხვებისთვის.

ენდოსა და დათოს ისტორია საუკეთესოდ აღწერს როგორ ეხმარება CENN სოფლის განვითარებას. ახლა ენდოც და დათოც იმ ცოდნას და გამოცდილებას, რაც ამ პროგრამის დახმარებით მიიღეს, სხვებს უზიარებენ და იმედი აქვთ, რომ მათი მაგალითი სხვებისთვისაც მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდება.


სტატია მომზადდა პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.