fbpx
Skip to main content

საქართველოს სოფლები ინტერაქტიულ ელექტრონულ აგრორუკაზე

08/09/2022

საქართველოს ინტერაქტიულ ელექტრონულ აგრორუკაზე უკვე 50-მდე სოფელი და ქალაქია დატანილი. რუკა შეიქმნა გუგლის რუკების საფუძველზე და შეიცავს საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საკვანძო მოთამაშეების, მათ შორის აგრობიზნესების, ფერმერული მეურნეობების, აგროსერვისების მიმწოდებლების, ფერმერთა ექსტენციისა და ტრენინგის ცენტრებისა და პროფესიული ასოციაციების შესახებ. ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, მონაცემთა ბაზაში ასახულია სახელმწიფო დახმარების პროგრამებიც, რომლებიც აგროსექტორის განვითარებას ემსახურება.

აგრორუკის მეშვეობით, ინფორმაცია იძებნება როგორც კონკრეტული კომპანიებისა თუ ორგანიზაციების, ისე საქმიანობის სფეროების მიხედვით. მომხმარებლებს შეუძლიათ უშუალოდ დაუკავშირდნენ მათთვის საინტერესო აგრობიზნესს, ხოლო შემდეგ შეაფასონ ბაზაში განთავსებული ინფორმაციის ხარისხი და ბიზნეს-ინტერაქციის ეფექტიანობა.

აგრორუკის შექმნა 2020 წელს დაიწყო და თავიდან მხოლოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტზე  ვრცელდებოდა. მას შემდეგ, ამ დინამიურ და სწრაფად მზარდ რესურსს 50-მდე ლოკაცია, 500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია და 24 საქმიანობის სფერო დაემატა.

აგრორუკის შექმნა და განვითარება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტია, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ხორციელდება.

„ევროკავშირი ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას საქართველოს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებაში. ციფრულ ტექნოლოგიებს შეუძლიათ სოფლის ცხოვრების გარდაქმნა, ფერმერული საქმიანობის მიმზიდველობის გაზრდა ახალგაზრდა თაობისთვის და ფერმერთა შრომის ეფექტიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესება“, – განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა.

„გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს „ჭკვიან სოფლის მეურნეობას“ (Smart Agriculture), რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის ციფრულ გარდაქმნას. ამ მხრივ, აგრორუკა ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან, საქმიან პარტნიორობასა და ცოდნასთან დაკავშირების გზაა. სოფლად მომუშავე ბიზნესისთვის ეს კარგი ციფრული ინსტრუმენტია, რომელიც საქართველოს აგროსექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს“.ანნა ჩერნიშოვა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში.

„აგრორუკა აგრო-სასურსათო სექტორის გაციფრულების შესაძლებლობაა. ამ რესურსის მეშვეობით, სოფლად მომუშავე მეწარმეები დისტანციურად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ხოლო საქართველოს აგრო-სასურსათო სექტორი სათანადოდ იქნება წარმოდგენილი მსოფლიოს ელექტრონულ რუკაზე“. – ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს სოფლის განვითარების მრავალწლიანი მხარდამჭერები არიან. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს. ამ დახმარების მიზანია საქართველოში სიღარიბის შემცირება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა. მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://eu4georgia.eu/enpard

საკონტაქტო ინფორმაცია: