fbpx
Skip to main content

განათლების მინისტრმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მშენებლობა მოინახულეს

01/02/2024

 განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარმა და ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელმა დირექტორმა ადრიენ კირალმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მშენებლობა მოინახულეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა  საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის  მთავარი სტრატეგიული ინიციატივაა და მისი მიზანია ახალგაზრდების საგანმანათლებლო და დასაქმების საჭიროებების დაკმაყოფილება მრავალ-კულტურული და მულტილინგვური განათლების ხელშეწყობის გზით.  აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა საქართველოში განიხილება, როგორც პიონერული მოდელი საგანმანათლებლო რეფორმისთვის, სადაც მაღალი ხარისხის სწავლება ევროპულ ღირებულებებთან და საგანმანათლებლო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ხაზგასმით აღნიშნა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მშენებლობა თბილისში რჩება უმთავრეს პრიორიტეტად როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ევროკავშირისთვის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაგრძობს ამ პროექტის მდგრადი წარმატების უზრუნყოფას. მოუთმენლად ველით 2024 წელს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ამ განსაკუთრებული სკოლის მოსწავლეებთან ერთად“.

სასწავლო კომპლექსი, რომლის ფართობიც 26,090 კვადრატული მეტრია, მოიცავს სკოლისა და საერთო საცხოვრებლის შენობებს, რაგბის მოედანს, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნებს, ბიბლიოთეკას და სხვა უახლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ეს ინოვაციური კამპუსი, თავისი მრავალფეროვანი და მოქნილი სასწავლო გარემოთი თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომაა და საქართველოში სკოლების დიზაინის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. სკოლის დახურული და გარე სასწავლო სივრცეები მოსწავლეებს უამრავ შესაძლებლობას მისცემს ისწავლონ, იცხოვრონ და თავისუფალი დრო გაატარონ ერთად.

ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელმა დირექტორმა ადრიენ კირალმა აღნიშნა: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა არის ჩვენი ურყევი ერთგულების სიმბოლო ხარისხიანი განათლების მიწოდებისა და ახალგაზრდების გაძლიერებისკენ. საშუალო განათლებაზე ფოკუსირებით, ჩვენი მიზანია, მომავალი თაობის აღჭურვა იმ უნარებითა და ცოდნით, რაც აუცილებელია თანამედროვე და დინამიურ მსოფლიოში წარმატებისთვის”

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის გახსნა 2024 წელს იგეგმება. სკოლა მოსწავლეებს მაღალი ხარისხის სწავლებაზე, ენების შესწავლასა და მულტიკულუტრულ განათლებაზე დაფუძნებულ ორ საგანმანათლებლო პროგრამას შესთავაზებს, ეროვნულ სადიპლომო პროგრამასა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ინგლისურენოვან სადიპლომო პროგრამას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ შეთანხმებული „20 შედეგი 2020 წლისთვის” ერთ-ერთი მიზანია. პროექტს ახორციელებს გაეროს პროექტების მართვის ოფისი (UNOPS), საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების სკოლის კომპლექსის აშენებას და აღჭურვას, მასწავლებლების გადამზადებას სასწავლო აკადემიის მეშვეობით და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სასწავლო კურიკულუმის განვითარებას. სკოლა აგრეთვე შესთავაზებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სასტიპენდიო პროგრამას მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნიდან.