fbpx
Skip to main content

CENN-მა გურიაში ევროკავშირის დაფინანსებით სოფლის განვითარების ახალი პროექტი დაიწყო

04/04/2023

 ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროექტის – მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ – გახსნითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უმასპინძლა. პროექტი სამი წლის განმავლობაში გურიის რეგიონში სიღარიბის შემცირებისთვის, მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იმუშავებს.

ოზურგეთის ტექნოპარკში გამართული ღონისძიება გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: ნანა ჯანაშია, აღმასრულებელი დირექტორი, CENN; ქეთევან ხუციშვილი, პროგრამების მენეჯერი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში; ეკატერინე ზვიადაძე – პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; გიორგი ურუშაძე, გურიის სახელმწიფო რწმუნებული; გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; მაია კუტუბიძე,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; ეკა გუჯაბიძე,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

„ ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარების პროგრამას უკვე მეათე წელია აფინანსებს. ამ პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის ძირითადი დაფინანსება საქართელოს  სახელმწიფო ბიუჯეტისთვის გამოიყოფა, რომელსაც თან სდევს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაც. სწორედ ამ დაფინანსების ფარგლებში, მოხარულები ვართ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების პროგრამა განხორციელდება, რომელიც, მიზნად ისახავს, სოფლის პრიორიტეტებზე დაყრდნობით საჭიროებების გამოვლენას და ამ საჭიროებებისთვის ფინანსური რესურსების გამოყოფას, რაც უზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორის, ბიზნესისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ  ადგილობრივი 

თემის ჩართულობით, გურიის რეგიონში ნაბიჯები გადაიდგმება შემდგომი განვითარებისკენ“. – ქეთევან ხუციშვილი,  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი. 

ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ პროექტის მიზნებსა და განსახორციელებელ აქტივობებს, რომლებიც მიმართულია გურაში სოფლისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისაკენ. ასევე, ღონისძიების მონაწილეებმა, ინფორმაცია მიიღეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.  

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის. CENN ENPARD-ის პროგრამაში უკვე 7 წელზე მეტია ჩართულია და ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა პროექტებმა მნიშვნელოვანი განვითარება მოუტანა მუნიციპალიტეტებს. გვიხარია, რომ ამჯერად გვაქვს საშუალება სოფლის განვითარების პროექტი დავიწყოთ გურიაში. ამ რეგიონს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და სწორედ ამ განვითარებისთვის იმუშავებს პროექტი. გვჯერა, რომ მუნიციპალიტეტების განვითარება შესაძლებელი იქნება ადგილობრივ ბიზნესთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით და მათი ჩართულობით.“ – ნანა ჯანაშია, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი.   

პროექტი სამი წლის განმავლობაში გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში განახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობას. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG)  შექმნასა და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შემუშავებას გენდერის, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით. ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობასა და ქალების, ახალგაზრდებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. 

პროექტის გახსნით ღონისძიებას, ევროკავშირის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და  ადგილობრივი მეწარმეები ესწრებოდნენ.

პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV-ის ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

მარიამ ღლონტი, კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, CENN, mariam.ghlonti@cenn.org, 599 877 808