fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი, რომელმაც, საქართველოს ოთხ რეგიონში, ხელი შეუწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ხანდაზმულთა ცხოვრების გაუმჯობესებას, დასრულდა შემაჯამებელი ღონისძიებით

26/01/2024

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა. პროექტს 3 წლის განმავლობაში ახორციელებდა ასოციაცია „ანიკა“ „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან“ თანამშრომლობით. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით.

პროექტი ეფუძნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას, უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სრულ რეალიზებას, ინკლუზიური გარემოს დანერგვისა და ხარისხიანი სოციალური მომსახურებების მიწოდების გზით.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს 4 რეგიონში (კახეთი, იმერეთი, გურია, აჭარა) ჩატარდა სოციალური მომსახურებების საჭიროებათა კვლევა, შეიქმნა უფლებებზე და საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურებები, მომზადდნენ შესაბამისი სპეციალისტები, ჩატარდა ცოდნის ასამაღლებელი ტრენინგები რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომელთათვის, შემუშავდა სოციალური მომსახურებების ეროვნული სტრატეგია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის მომზადდა ონლაინ საინფორმაციო პორტალი ქვეყანაში არსებული სოციალური მომსახურებების შესახებ. პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით, ყვარლის, ბაღდათის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

„პროექტი უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც აღნიშნული პროექტი განხორციელდა. არა მხოლოდ ამ პირებისთვის, შშმ პირებისა და ხანდაზმულთა ცხოვრებისთვის, არამედ იმ ოჯახებისთვის, რომელ ოჯახებშიც ცხოვრობენ აღნიშნული პირები. პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შექმნილი მომსახურებები დარეგისტრირდა სახელმწიფო სოციალური პროგრამების ქვეშ. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად იმიტომაც, რომ თითოეული ღონისძიება უშუალოდ, კონკრეტული შშმ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის, მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე იყო მიმართული.“ – განაცხადა ასოციაცია „ანიკას“ დირექტორმა, ირინე ინასარიძემ.

 ღონისძიებას ესწრებოდნენ:  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის  და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე; ყვარლის, ბაღდათის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქედისა და შუახევის მერები; საქართველოს პარლამენტის წევრები; საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შშმ საკითხებში; საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.