fbpx

ევროკავშირი მხარს უჭერს საგანგებო სიტუაციების მართვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების გაძლიერებას საქართველოში

09/12/2022

ევროკავშირმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამაშველო აღჭურვილობა გადასცა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ოფიციალურად გადასცა 7 მაღალი გამავლობის მანქანა, 3 ყველგანმავალი „კვადროციკლი“, 3 დრონი, თხილამურებისა და სათხილამურო აღჭურვილობის 40 კომპლექტი და სამძებრო აღჭურვილობის 12 ერთეული. ეს დახმარება საქართველოს ევროკავშირმა SAFE პროგრამის ფარგლებში აღმოუჩინა. აღჭურვილობა შეიძინა გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS), რომელიც SAFE პროგრამის ერთ-ერთი განმახორციელებელია.

გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კატალინ გერმანი და UNOPS საქართველოს ხელმძღვანელი, კლოდანდრე ნადონი.

„დღეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს აღვნიშნავთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობის მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში. ვიმედოვნებთ, რომ გადაცემული აღჭურვილობა ტექნიკურ დახმარებასთან ერთად გააუმჯობესებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეაგირებას კრიზისულ სიტუაციებში და მისცემს შესაძლებლობას, უკეთ დაიცვას საქართველოში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა კატალინ გერმანმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყნის წამყვანი მაკოორდინირებელი ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებას, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფებით დაზარალებულ ზონებში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებით. სამსახური ასევე პასუხისმგებელია სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმების განხორციელებაზე. ის მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს და მის შემადგნელობაშია 4,000-მდე თანამშრომელი თბილისსა და რეგიონულ სამმართველოებში.

თეიმურაზ მღებრიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი: „მადლობას ვუხდით ევროკავშირსა და UNOPS-ს ჩვენი მეხანძრე-მაშველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღჭურვილობის მოწოდებისთვის, რომელიც დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ გადაუდებელი სამაშველო ოპერაციები საქართველოს მასშტაბით და უკეთ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს“.

მომავალი წლიდან, ევროკავშირი დამატებით მხარდაჭერას გაუწევს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს; კერძოდ, განვითარდება ინციდენტების მართვის სისტემა, შემუშავდება სტანდარტული საოპერაციო პროცედურები, გაიმართება ხანძარსაწინააღმდეგო სტანდარტები საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, და ხელი შეეწყობა სამსახურის დაახლოებას ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმთან. ამასთან, ახალი სასწავლო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო აამაღლებს მეხანძრე-მაშველების ცოდნასა და უნარებს და ხელს შეუწყობს კარგად მომზადებული მოხალისეთა ჯგუფების ჩამოყალიბებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კლოდ-ანდრე ნადონი, UNOPS საქართველოს ხელმძღვანელი:  „ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, UNOPS-ი ეხმარება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ძლიერ სამოქალაქო უსაფრთხოების ორგანოდ ჩამოყალიბებაში, რათა მან შეძლოს უკეთ უპასუხოს ქვეყნის მასშტაბით განვითარებულ კატასტროფებს და ეფექტურად იმოქმედოს საგანგებო სიტუაციებში, ასევე ჰქონდეს საზოგადოების მაღალი ნდობა ამ მიმართულებით“.

ევროკავშირი 2.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერას უწევს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პროექტის „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” ფარგლებში. პროექტი UNOPS-ის მიერ ხორციელდება და „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის” (SAFE) პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,