fbpx
Skip to main content

ევროკავშირის დაფინანსებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურისა და ინოვაციების მიმართულებით პროექტების კონკურსი გამოცხადდა

29/05/2023

2023 წლის 2 მაისს, ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტმა EU4Culture აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) რეგიონულ ქალაქებში კულტურისა და  ინოვაციების მიმართულებით, სექტორთაშორისი თანამშრომლობის ხელშემწყობი პროექტების კონკურსი გამოაცხადა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კონკურსი მიზნად ისახავს “EU4Culture-ს ქალაქების ქსელს” შორის კულტურათაშორისი თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ დონეზე.

კონკურსი ღიაა კულტურისა და შემოქმედებით სექტორში მომუშავე არაკომერციული იურიდიული პირებისთვის/ორგანიზაციებისთვის უფლებამოსილი ქვეყნებიდან. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე კონსორციუმის სახით. მთავარი აპლიკანტი აუცილებელია წარმოადგენდეს “EU4Culture-ს ქალაქების ქსელიდან” ერთ-ერთ ქალაქში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, ხოლო თანააპლიკანტები შესაძლებელია იყვნენ ქსელის გარეთ მყოფი ქალაქების წარმომადგენლები.

კონკურსის ფარგლებში შემდეგი ტიპის პროექტები იქნება მხარდაჭერილი:

– კულტურული პროექტები, რომლებიც ორიენტირებულები არიან კულტურისა და ხელოვნების განვითარებაზე, წარმოებაზე ან ადგილობრივი კულტურული ტრადიციების პოპულარიზაციასა და კულტურათაშორის გაცვლისთვის საჭირო სივრცეების შექმნაზე.

– სექტორთაშორისი ინოვაციური პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავენ სხვადასხვა სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას კულტურის, შემოქმედებითი, ტურიზმის და სხვა სექტორების ჩართულობით და ადგილობრივი ეკოსისტემების განვითარებას ამ მიმართულებით.

წარმოდგენილი პროექტები დაკავშირებული უნდა იყოს “EU4Culture-ს ქალაქების ქსელის” ქალაქების მიერ შემუშავებულ კულტურის განვითარების სტრატეგიებთან და მიზნად ისახავდნენ მიზნობრივი აუდიტორიის განვითარებას, კულტურაში საზოგადოების ჩართულობის ზრდასა და კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების განვითარებას.

კონკურსის ფარგლებში პროექტების განხორცილების მაქსიმალური ხანგრლივობაა  10 თვე, ხოლო მოთხოვნილი გრანტის ოდენობა 25 000 ევრო თითო პროექტზე. პროექტების განხორციელება 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივლისამდე იქნება შესაძლებელი.  გრანტის მოცულობა დამოკიდებულია პროექტის განხორციელების პერიოდსა და გეოგრაფიულ არეალზე.  გრანტი შესაძლოა იყოს სრულად დაფინანსებული და პროექტისთვის თანადაფინანსება სხვა წყაროებიდან სავალდებულო არ არის.

დაინტერესებულმა პირებმა  სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ გოეთეს სააპლიკაციო პორტალის (GAP) საშუალებით და თან დაურთონ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 ივლისი, 18:00 (ცენტრალური ევროპის დრო).

“EU4Culture-ს ქალაქების ქსელი” არის პროექტის EU4Culture მიერ დაარსებული პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს, კულტურისა და შემოქმედებით სექტორში თანამშრომლობის დამყარებას 14 შერჩეულ ქალაქს შორის, რომლებმაც მიიღეს ევროკავშირის დაფინანსება კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად. აღნიშნული ქალაქები ქვეყნების მიხედვით: სომხეთი – ჩარენცავანი, იჯევანი, სევანი; აზერბაიჯანი – ხირდალანი, ლანკარანი, შაქი; საქართველო: ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი; მოლდოვა: კაჰული, ორჰეი; უკრაინა: ოდესა, რივნე, ვინიცია.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს EU4Culture ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ საკონკურსო გზამკვლევს და დარეგისტრირდნენ საინფორმაციო სესიაზე, რომელიც დაგეგმილია 2023 წლის 5 ივნისს.

საკონტაქტო პირი: მარიკა ჯაბუა, პროექტის EU4Culture კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში –  Marika.Jabua@goethde.de