fbpx
Skip to main content

ელჩი კარლ ჰარცელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს გაეცნო

კახეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეწვია. პროგრამა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის შესახებ განცხადებასაც მოიცავდა. ასევე, ელჩი ჰარცელი დედოფლისწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) წარმომადგებლებს შეხვდა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ რამდენიმე ადგილობრივ საწარმოს ესტუმრა.

სრულად

ელჩმა ჰარცელმა და მინისტრმა შამუგიამ დღე დედოფლისწყაროს ბიოსფერულ რეზერვატში დაიწყეს, სადაც, რეზერვატის გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) პროგრამაში „ადამიანი და ბიოსფერო“ წარდგენასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთეს. კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (REC Caucasus) ერთად, მუნიციპალიტეტმა, ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის, განვითარებაზე იმუშავა. ბიოსფერული რეზერვატის ნომინაცია, ისევე როგორც, პროექტის

ფარგლებში, ბიზნესის განვითარება, ადგილობრივი თემის ცხოვრების პირობებისა და ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სუფთა და მრავალფეროვანი გარემო კი, ადგილობრივ წარმოებასთან ერთად, მუნიციპალიტეტს და მის მცხოვრებლებს განვითარებასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

დედოფლისწყაროში ვიზიტისას, ელჩი ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) შეხვდა. დედოფლისწყაროს LAG-ი აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ თემებს, რომლებსაც სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურთ. LAG-ის საქმიანობა სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს, ე.წ. LEADER მიდგომას ეფუძნება და მისი მიზანი დედოფლისწყაროში ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიცირება და განვითარების ხელშეწყობაა. დღემდე, LAG-მა 100-ზე მეტ ადგილობრივი განვითარების ინიციატივას დაუჭირა მხარი და ასობით სამუშაო ადგილი შექმნა.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ჰარცელი რამდენიმე ადგილობრივი განვითარების ინიციატივასაც ეწვია:

„ნასრაშვილის მეღვინეობამ“, ადგილობრივი განვითარების ჯგუფისგან, წარმოების გადაიარაღების მიზნით, ევროკავშირის გრანტი მიიღო, რომელიც ოჯახურ მცირე ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე გასვლაში დაეხმარა და ახლა ღვინოს 6 ქვეყანაში ყიდის. სამომავლოდ, საოჯახო მარანი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას და ექსპორტის ზრდას გეგმავს.

ელჩი სასტუმრო „ავტოგრაფს“ ეწვია, რომელმაც ისტორიული შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის დაფინანსება ევროკავშირიდან მიიღო და სტუმრების მისაღებად 14 სასტუმრო ოთახი მოაწყო. სასტუმროს განახლებამ 6 ახალი ადგილობრივი სამუშაო ადგილი შექმნა.

ვიზიტის დასასრულს, ელჩმა ხელოვნების სტუდია „ფესვები“, მოინახულა, რომელიც დედოფლისწყაროს განვითარების ჯგუფის ფარგლებში, ევროკავშირმა დააფინანსა. „ფესვები“ უნიკალური სახელოსნოა, რომელსაც ბუნებრივი საღებავების გამოყენების დიდი გამოცდილება აქვს და უნიკალურ პროდუქტს აწარმოებს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა რეგიონული განვითარების პროექტები მოინახულა, ეწვია ტურისტულ ადგილებს, შეხვდა ბიზნესის წარმომადგენლებს, ფერმერებს და ექსპორტიორებს, რომლებმაც ევროკავშირის დახმარებით, საკუთარი საქმიანობის შემდგომი განვითარება შეძლეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu(link sends e-mail), 599 533031
  • ინგა ნიკაგოსიანი, პროექტის ხელმძღვანელი, EU4Georgia III, inga@commwithus.eu(link sends e-mail), 577 293979

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი კახეთში რეგიონული განვითარების პროექტებს გაეცნო

21 თებერვალი, 2022 – ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი კახეთის რეგიონს ეწვივნენ და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები მოინახულეს. ასევე, გაეცნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და იმ ინიციატივებს რომლებიც, რეგიონს ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და გარემოსდაცვით კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

სრულად

ელჩმა ჰარცელმა და მინისტრის მოადგილე გიორგობიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საგარეჯოს, გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა პროექტები მოინახულეს, ასევე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ. გურჯაანის ტექნოპარკში სტუმრობისას, ელჩმა პროგრამის ფარგლებში, კახეთსა და სამ სხვა სამიზნე რეგიონში, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული, ინტეგრირებული განვითარების მიდგომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი და მინისტრის მოადგილე  საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მანავის ციხეს ესტუმრნენ. ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად, მანავის ციხეს ტურისტული პოტენციალიც გააჩნია. ახლადრეაბილიტირებული გზა კი ციხეს და მის მიმდებარე ტერიტორიას, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურისტებისთვის, მარტივად მისადგომს ხდის, რაც 70-ზე მეტი ადგილობრივი ბიზნესისთვის საქმიანობის ახალ შესაძლებლობას აჩენს, მათ შორის, ტრადიციული საკვებისა და ღვინის გაყიდვის მიმართულებით.

ვიზიტი გაგრძელდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში, კულტურული და სარეკრეაციო პარკის მონახულებით. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას ერთ ჰექტარზე მეტი ფართობის ახალი, თანამედროვე სარეკრეაციო სივრცე ექნება – ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცით, ამფითეატრით, შადრევნითა და დეკორატიურლი განათებით. პროექტი დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვისაც.

საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის ერთობლივი, რეგიონული განვითარების პროგრამის ნაწილია ჩუმლაყი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობაც. ახალი გზა მგზავრობის დროს და მანძილს შეამცირებს, მიმდებარე ტერიტორიებისთვის თბილისის ბაზრებთან წვდომას გაამარტივებს და ადგილობრივი ბიზნესს ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას მისცემს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების შემდეგ, ელჩი ჰარცელი სოფელ ჩუმლაყში ხილის მწარმოებლებს შეხვდა და, მათთან ერთად, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი და DCFTA-ს ფარგლებში არსებული შესაძლებლობები განიხილა.

დღის ბოლოს, ელჩმა ჰარცელმა და მინისტრის მოადგილე გიორგობიანმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ შიოშვილთან ერთად ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროგრამის PIRDP-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში ბიზნესისთვის არსებული ახალი შესაძლებლობები წარადგინეს. „სოფლის განვითარების სააგენტოს“, „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა“ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახლა უკვე სამი სხვადასხვა საგრანტო პროგრამაა ხელმისაწვდომი. მეტი ინფორმაციისთვის: RDA GITA ENTERPRISE Georgia

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის შესახებ:

2020-2022 წლების საპილოტე  რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციო-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით. პროგრამა მოიცავს საქართველოს ოთხ რეგიონს: კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი. პროგრამის ბიუჯეტი 220 მილიონი ლარს შეადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარის მოცულობის დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის მიერ.

პროგრამას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. გრანტების პირველი ნაწილით, რომლის საერთო ფინანსური მოცულობა 5 მილიონი ლარია, 2020 წლის ივლისში, დაფინანსება დაუმტკიცდა ვანის, საჩხერის, ტყიბულის, სამტრედიის, ბაღდათის, ცაგერის, საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 11 პროექტს. 2021 წელს 61 მილიონი ლარის ღირებულების 64 პროექტი დაფინანსდა, ხოლო 2022 წელს, იგეგმება 100 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტების დაფინანსება. გარდა ამისა, იგეგმება 40 მილიონი ლარის ღირებულების მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, აგრეთვე ინოვაციების მხარდასაჭერად გრანტების გაცემა.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ითვალისწინებს bottom up (ქვემოდან-ზემოთ) დეცენტრალიზებულ მიდგომას. მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული საპროექტო იდეა სამხარეო ადმინისტრაციაში წარდგენამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უნდა იყოს დამტკიცებული. პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსება აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელონ მნიშვნელოვანი პროექტები ისეთი მიმართულებით, როგორებიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ძირითადი ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება, ადამიანური კაპიტალის, საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების გაძლიერება, ინსტიტუტების ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და სხვა. ეს ინიციატივები, ევროკავშირის სხვა მიმდინარე სექტორულ პროგრამებთან და პროექტებთან ერთად, ხელს შეუწყობს სამიზნე რეგიონებში ინვესტიციებისა და დასაქმების ზრდას.

საქართველოს რეგიონული განვითარების  პოლიტიკა ევროკავშირსა და საქართველოს შორის  ასოცირების შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების სქემით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu, 599 533031
  • ინგა ნიკაგოსიანი, პროექტის ხელმძღვანელი, EU4Georgia III, inga@commwithus.eu, 577 293979
  • ქეთი დოლიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, dolidzekatie@gmail.com 577 467117

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან ერთად, კახეთში რეგიონული განვითარების პროექტებს მოინახულებს

21-22 თებერვალს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი კახეთის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს მოინახულებს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ელჩი საგარეჯოს, სიღნაღის, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს ეწვევა.

სრულად

21 თებერვალს, ელჩი ჰარცელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან ერთად, 220 მილიონი ლარის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) პროექტებს ეწვევა, საიდანაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის დაფინანსებაა. კარლ ჰარცელი და მზია გიორგობიანი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ფერმერებს და ექსპორტიორებს შეხვდებიან, ასევე მოინახულებენ ადგილობრივ საწარმოებს. დღის ბოლოს კი, ელჩი და მინისტრის მოადგილე გურჯაანის ტექნოპარკში ბიზნესისთვის არსებულ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.

მედიის წარმომადგენლები მოწვეულები არიან შემდეგ ლოკაციებზე:

  • კარლ ჰარცელის და მზია გიორგობიანის ერთობლივი შეხვედრა პრესასთან

დრო: 11:30, მედიის წარმომადგენლების მოსვლის დრო 11:00

ლოკაცია: კულტურისა და სარეკრეაციო პარკი, ევდოშვილის ქუჩა, წნორი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი.

  • პრეზენტაცია გურჯაანის ტექნოპარკში

მონაწილეები: ელჩი კარლ ჰარცელი, მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი

დრო: 16:00-17:00, მედიის წარმომადგენლების მოსვლის დრო 15:45

ლოკაცია: გურჯაანის ტექნოპარკი, კოსტავას ქუჩა 63, გურჯაანი

22 თებერვალს, ელჩი ჰარცელი ვიზიტს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გააგრძელებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • ინგა ნიკაგოსიანი, პროექტის ხელმძღვანელი, EU4Georgia III, inga@commwithus.eu, 577 293979
  • თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Mikadze@eeas.europa.eu, 599 533031
  • ქეთი დოლიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, dolidzekatie@gmail.com, 577 467117