fbpx
Skip to main content

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში

სამართალდამცავ ორგანოებს მაღალ-ტექნოლოგიური აღჭურვილობა გადაეცათ / EU supports Georgian law enforcement bodies

ევროკავშირის მხარდაჭერით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა მაღალ-ტექნოლოგიური აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის გასაუმჯობესებლად, სამართალდამცავ სისტემაში ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის უზრუნველსაყოფად და ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის

ევროკავშირის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ესტუმრნენ, მათ შორის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს და თბილისის პოლიციის, საექსპერტო კრიმინალისტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტებს, სადაც დეტალურად გაეცნენ ევროკავშირის SAFE პროგრამის ფარგლებში გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) მიერ შეძენილი აღჭურვილობის ეფექტურობას და მათი გამოყენების  პირველად შედეგებს.

აგატა ნიბოი, ჯგუფის ხელმძღვანელი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში: ევროკავშირი მხარს უჭერს ქვეყნის უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე რეფორმებს, რომლის მთავარი ამოცანაა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებს მათი საქმიანობის გაუმჯობესებაში, არამედ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს პარლამენტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთანაც უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის გასაძლიერებლად. ჩვენი მხარდაჭერა, ასევე მიემართება მოქალაქეებზე ორიენტირებული, ეფექტური საჯარო სერვისების მიწოდებაზე“.

ევროკავშირის SAFE პროგრამის ერთერთ მიმართულებას წარმოადგენს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობების გაძლიერება. სპეციალიზებული საექსერტო აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს შეუძლია სწრაფად და ეფექტურად გააანალიზოს ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, ასევე ჩაატაროს ნარკოტიკულ ნივთერებებათა და ფარმაცევტულ საშუალებათა სრულყოფილი ექსპერტიზა.

მრავალი წელია, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს მთავრობას, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაინერგოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მექანიზმები. ამ მიზნით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა სპეციალური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბავშვთა ოთახი, რომელიც სტრესისგან თავისუფალ გარემოს უზრუნვეყოფს და აძლევს გამომძიებლებს საშუალებას, გამოკითხონ არასრულწლოვნები მშვიდ, გარე ფაქტორებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან თავისუფალ სივრცეში.

ევროკავშირის მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის 250 კომპლექტი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს გადაეცა, რათა მოძალადეების გადაადგილების თვალყურის გზით, მოხდეს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია. მსოფლიო მაშტაბით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის ფაქტები 95%-ით მცირდება, ხოლო შემაკავებელი ორდერის ეფექტურობა იზრდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირსა და გაეროს მომსახურების ოფისს გაწეული დახმარებისა და წლების მანძილზე აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის. ნამდვილად აღსანიშნავია ის უზარმაზარი მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებთ ევროკავშირისგან, ჩვენი ტექნოლოგიური ბაზისა და IT ინფრასტრუქტურის აღჭურვის კუთხით“, – განაცხადა შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ეკატერინე მაჭავარიანმა.

ევროკავშირის მხარდაჭერის შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის გადაცემას, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გადაუდებელი სამაშველო აღჭურვილობის შეძენას. 

კლოდანდრე ნადონი, UNOPS საქართველოს ხელმძღვანელი: მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, წარმატებით ვეხმარებით საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების ტექნოლოგიური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. არაერთი მაღალტექნოლოგიური პროგრამული და ტექნიკური აღჭურვილობა უკვე გადავეცით შინაგან საქმეთა სამინისტროს და მზად ვართ გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა ამ მიმართულებით“.

2020 წლიდან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა 1,800,000 აშშ დოლარის ღირებულების მაღალ-ტექნოლოგიური აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა. აღნიშნული დახმარება „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” პროექტის ფარგლებში UNOPS-ის მიერ განხორციელდა. პროექტი „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის” (SAFE) პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას.

უსაფრთხოებაახალიამბები