ევროკავშირი პროგრამა “განათლება დასაქმებისთვის” ფარგლებში მნიშვნელოვან შედეგებს აქვეყნებს
15 ივლისს მსოფლიო – ახალგაზრდობის უნარების დღეს აღნიშნავს. სწორედ ახალგაზრდების განვითარება და მათი თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვა არის ის მთავარი მოტივაცია, რომლითაც წლებია ევროკავშირი საქართველოში პროგრამებს და ინიციატივებს ახორციელებს.
ერთ-ერთი გამორჩეული და მასშტაბური პროგრამა უდავოდ არის “განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs). პროგრამის მეორე ფაზის განხორციელება საქართველოში 2019 წლიდან 9 პროექტმა დაიწყო, და 7 მილიონი ევროს დაფინანსებით შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. ესენია:
- 1 741 ადამიანის დასაქმება
- 6 505 სამუშაოს მაძიებლის გადამზადება საბაზისო უნარებში, მეწარმეობასა და IT პროგრამირებაში;
- 9 236 სამუშაოს მაძიებლისა და სტუდენტისთვის კონსულტაციის გაწევა;
- 1 108 ადამიანის სტაჟირების პროგრამაში ჩართვა;
- 26 ახალი, მოთხოვნაზე ორიენტირებული პროფესიული განათლების პროგრამის შექმნა;
- 15 პროფესიული სასწავლებლის დახმარება ახალი სერვისებისა და პროგრამების განვითარებაში;
- 19 კარიერული კონსულტაციისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის შექმნა
- 4 პროფესიული განათლების კურსის დანერგვა ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიმართულებით
- 90 სკოლასა და 10 პროფესიულ სასწავლებელში კოდირებისა და ტექ მეწარმეობის კლუბების განვითარება
ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიღწევების, რომლითაც პროგრამაში ჩართულმა პირებმა ისარგებლეს საქართველოს 8 რეგიონში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი). “ისწავლე დასაქმებისთვის” პროექტის ფარგლებში ჩატარდა დასაქმების ფორუმი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, დაორგანიზდა არაერთი ტრენინგი, ასობით ადამიანმა მოკლევადიანი პროფესიული განათლების კურსი გაიარა და აიმაღლა კვალიფიკაცია.
“ისწავლე დასაქმებისთვის” განმახორციელებელი 9 პროექტის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ათასობით მოქალაქეს სამუშაო ადგილის მოძიებაში: უპირველეს ყოვლისა კი, უზრუნველყოს მათი უნარების შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, რაც საქართველოს კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ამ მიზნის მიღწევას პროექტები რამდენიმე გზით უზრუნველყოფენ – მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გაძლიერებით, უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესებითა და მეწარმეობის ხელშეწყობით. პროგრამამ პროცესში უზრუნველყო ყველა მხარის ჩართულობა, მათ შორის კერძო სექტორისა და სახელმწიფოსი, რამაც კიდევ უფრო ხელშესახები გახადა შედეგები.
“ისწავლე დასაქმებისთვის” პროგრამის მეორე ფაზა მიმდინარე წელს დასრულდება, თუმცა ევროკავშირი, როგორც საქართველოს პარტნიორი და უდიდესი დონორი, კვლავ მზადაა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მაღალკვალიფიციური, მოთხოვნადი კადრების ჩამოყალიბებას და ქვეყნის განვითარებას.
ციფრული უნარების განვითარება გურიაში
ციფრული ჰაბები ახალქალაქში
პირველი პროფესიული ნაბიჯები ევროკავშირთან ერთად
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ტექ-კლუბები საქართველოში
ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა – ლაშა ლომინაძე
ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა – ლელა ვანაძე
ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა – ნიკა ბეჟუაშვილი