fbpx
Skip to main content

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი – რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გუნდმა, სოციალური მედიის საშუალებით, საზოგადოებას შეკითხვების დასმა შესთავაზა საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის და ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროკავშირის წარმომადგენლობა პასუხობს თქვენ მიერ გამოგზავნილ შეკითხვებს. იხილეთ პასუხები:

კითხვა: რას ნიშნავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის და რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ხელი შეუწყოთ?

პასუხი: ბევრი თქვენგანი გამოეხმაურა ჩვენს მოწოდებას კითხვები დაგესვათ – რაც 2023 წლის დეკემბერში შემოგთავაზეთ, როდესაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისთვის და დაგარწმუნოთ, რომ ყველა თქვენს კითხვას ვუპასუხებთ.

დავიწყებ იმით, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს მოსახლეობის მიერ მისი ევროპული მომავლის ძლიერი მხარდაჭერის აღიარება.

საქართველოს მომავალი ევროკავშირში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის, ცნობილი 9 ნაბიჯის შესრულებას უკავშირდება. მათი შესრულება გადამწყვეტია საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მოიცავს. ყველა ამ ნაბიჯის და ეტაპის მიზანი არაა იყოს „ბრიუსელის მოსაწონი“; მათი მიზანი საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება და საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაა.

იხილეთ პასუხი სრულად

ვინაიდან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსტრუქციულად ერთად უნდა იმუშაონ, ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ევროკავშირი ამ გზის ყოველ ნაბიჯზე საქართველოს მხარს დაუჭერს.

თეონამ ასევე იკითხა, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, წვლილის შესატანად საქართველოს მიზნის მიღწევაში – ერთ დღეს ევროკავშირის ნაწილი გახდეს. თეონა, ევროკავშირის ღირებულებებისადმი თქვენი მხარდაჭერის გამოხატვა წინ მიმავალი გზაა. როგორც თქვენ ამბობთ, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უნდა იყოს საქართველოს კომპასი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

დემოკრატია

კითხვა: დაეხმარება თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას?

პასუხი: ევროკავშირს კარგად ესმის, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოს მოსახლეობის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საქართველოში არსებული პოლიტიკური კლიმატის შესახებ ბევრმა თქვენგანმა იკითხა.

იხილეთ პასუხი სრულად

პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა ფაქტობრივად მესამეა იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე. პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია.

ევროკავშირი ყველა პოლიტიკურ ლიდერს – მმართველ პარტიას და ოპოზიციას – პოლარიზაციის დასასრულებლად კონსტრუქციული ჩართულობისკენ მუდმივად მოუწოდებს. არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი საქართველოს ევროკავშირის გზის სასარგებლოდ, ამიტომ შეთანხმების საკითხია, ეს ეროვნული მიზანი როგორ იქნება მიღწეული. ჩვენი მუშაობის გამოცდილება იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირში უკვე შევიდნენ, არის ის, რომ ყველაფერი შეიძლება უფრო სწრაფად განხორციელდეს, როდესაც ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელ რეფორმებთან დაკავშირებით ეროვნული კონსენსუსი არსებობს.

9 ნაბიჯს რომ შეხედავთ, თითოეული მათგანის შესრულება, დეპოლარიზაციას იწვევს: საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებით და საპარლამენტო ზედამხედველობით დაწყებული, დასრულებული დეზინფორმაციასთან ბრძოლით და ისეთი ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფით, როგორებიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

ყველა ეს ნაბიჯი უნდა განხორციელდეს, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესში წინ წაიწიოს. ვიმედოვნებთ, რომ მთელი საზოგადოება ამ ამოცანას სერიოზულად მოეკიდება.

კითხვა: როგორ ეხმარება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ინტერნეტში რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში?

პასუხი: ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან და უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციასთან და ჩარევასთან ბრძოლა ევროკავშირის გზაზე საქართველოს 9 ნაბიჯიდან პირველია, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რომ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით წინ წავიდეს.

იხილეთ პასუხი სრულად

დეზინფორმაცია კომპლექსური გამოწვევაა, რომელსაც უნდა გაუმკლავდეთ თანმიმდევრულად და მრავალი მხრიდან შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ფაქტების შემმოწმებლების, აკადემიური წრეების, მედიისა და სხვა ძირითადი აქტორების მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებით. ევროკავშირი მხარს უჭერდა და გააგრძელებს საქართველოში დეზინფორმაციისა და უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის აქტივობების მხარდაჭერას. ჩვენი ძალისხმევა ეხმარება საქართველოს საზოგადოების სიფხიზლის და მედეგობის გაძლიერებას და ხელს უწყობს მიდგომას, რომელიც მოიცავს მთელ საზოგადოებას, სადაც ყველას თავისი როლი აქვს.

დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ძირითადი ადგილობრივი აქტორების შესაძლებლობებს ვაძლიერებთ და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობისა და ისეთი მნიშვნელოვანი უნარების გაუმჯობესებაში ვეხმარებით, როგორებიცაა მთავარი ფაქტების შემოწმება, მედია წიგნიერება და ციფრული წიგნიერება. ეს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის თემატური ტრენინგების საშუალებით კეთდება, მათ შორის ახალგაზრდებისა და უმცირესობებისთვის; ასევე მასწავლებლებისთვის და სხვა ძირითადი გამავრცელებლებისთვის აუცილებელი რესურსების მიწოდების მეშვეობით.

ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს დამოუკიდებელ მედიასა და საგამოძიებო ჟურნალისტიკას და თანამშრომლობს ფაქტების შემმოწმებლებთან საინფორმაციო სივრცის სანდო, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციით შესავსებად და მცდარი წარმოდგენების აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, ჩვენი წარმომადგენლობა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ასევე აქტიურად ურთიერთობენ საქართველოს საზოგადოებასთან, რომ ევროკავშირის, გაფართოების პროცესის და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.
ევროკავშირისკენ სვლის პროცესში, საქართველოს სჭირდება სრულყოფილი და ინკლუზიური ეროვნული სტრატეგია, რომელსაც თან ერთვის სექტორთაშორისი და გაზომვადი სამოქმედო გეგმა მკაცრი ზედამხედველობის მექანიზმებით.

დეზინფორმაციასთან ბრძოლა როგორც ეროვნული, ასევე ევროპული უსაფრთხოების საკითხია.

სხვა კითხვები დემოკრატიის შესახებ

კითხვა: შეუწყობს თუ არა ხელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას?

პასუხი: სამართლიანი, მიუკერძოებელი, ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და ეფექტიანი სასამართლო სისტემა კანონის უზენაესობის იმ ვალდებულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირის წევრ და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ყველა სახელმწიფოს ეკისრება.

იხილეთ პასუხი სრულად

ევროკავშირის წევრმა და წევრობის კანდიდატმა სახელმწიფოებმა, მათ შორის, საქართველომ, უნდა უზრუნველყონ, რომ მართლმსაჯულების განხორციელების წესები და პროცედურები ემყარებოდეს ადამიანის უფლებებს და შეესაბამებოდეს ევროკავშირის კანონმდებლობას, ძირითად უფლებათა ქარტიასა და საერთაშორისო სტანდარტებს. ამისათვის აუცილებელია სასამართლო სისტემაზე გარე გავლენების აღმოფხვრის მტკიცე ნება და შესაბამისი ფინანსური რესურსებისა და სწავლების უზრუნველყოფა. უნდა არსებობდეს სამართლიანი სასამართლო პროცედურების ჩატარების სამართლებრივი გარანტიები.

ევროკავშირი საქართველოს კანონის უზენაესობის პრინციპებისა და სტანდარტების პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოფაში ეხმარება. ევროკავშირი სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას, დაეხმაროს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მუშაობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად. ევროკავშირის მხარდაჭერა ორიენტირებულია დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ასევე პრობაციისა და პენიტენციური სისტემების შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

ევროკავშირი გააგრძელებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებას, გენდერული და ოჯახში არსებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, აღდგენითი მართლმსაჯულების და არასაპატიმრო ღონისძიებების ხელშეწყობას, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

კითხვა: ნიშნავს თუ არა კანდიდატის სტატუსი იმას, რომ ევროკავშირი უფრო მეტ ძალისხმევას გასწევს საქართველოში უმცირესობებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად?

პასუხი:ადამიანის უფლებები და უმცირესობების დაცვა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებებია, რაც აუცილებელია სამართლიანი და ინკლუზიური დემოკრატიისათვის.

იხილეთ პასუხი სრულად

როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, საქართველო მუდმივად და პროაქტიურად იმუშავებს იმისათვის, რომ საკუთარი პოლიტიკა მაქსიმალურად დააახლოვოს ჩვენს საერთო ღირებულებებთან და ევროკავშირის პოლიტიკასთან უმცირესობების უფლებებისა და შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფებისათვის. ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება ერთ-ერთია იმ 9 პუნქტიდან, რომელიც საქართველომ გაფართოების პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად უნდა შეასრულოს. ვინაიდან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მიმავალ გზაზე დგას, ევროკავშირი არა მხოლოდ შეინარჩუნებს, არამედ გააძლიერებს ყურადღებას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან, საქართველოს მთავრობასთან და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან იმისათვის, რომ საქართველომ მის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული  საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. კერძოდ, ევროკავშირი საქართველოს მთავრობას დაეხმარება ადამიანის უფლებათა 2023-2030 წლების სამოქმედო გეგმის სრულად განხორციელებაში და გააგრძელებს იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე ყურადღების გამახვილებას, როგორებიცაა უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა.

კითხვა: როგორ აისახება საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონებთან დაკავშირებული ვითარება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე? აპირებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას?

პასუხი:ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

იხილეთ პასუხი სრულად

ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული კონფლიქტის მოგვარების საკითხებში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მეშვეობით, რომელიც ადგილზე იმყოფება 2008 წლიდან.

საქართველოს ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევალი ვერ და არ იქნება. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით სარგებელი საქართველოს მთელმა მოსახლეობამ მიიღოს.

უნდა შეიქმნას მეტი შესაძლებლობა დეიზოლაციისათვის და გაყოფილ საზოგადოებებს შორის კონტაქტების დასამყარებლად, მათ შორის, უნდა ჩამოყალიბდეს უფრო სტრუქტურირებული კონტაქტები ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შემდგომი გაძლიერების შედეგად, საქართველო ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონებში მცხოვრებთათვის აუცილებლად გახდება მიმზიდველი. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის სარგებელი საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონებში მცხოვრებთათვისაც იყოს ცნობილი და მიმზიდველი.

კითხვა: შეიძლება თუ არა შეასუსტოს შენგენის ზონის წევრობის პერსპექტივა იმ გარემოებამ, რომ საქართველოს ევროკავშირთან უშუალო სახმელეთო საზღვარი არ აქვს.

პასუხი:შენგენის ზონა საზღვრის ტიპით არ განისაზღვრება. ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა (მალტა, კვიპროსი, ირლანდია) შენგენის ზონის წევრია, თუმცა, ევროკავშირის სხვა  ქვეყნებთან მათ სახმელეთო საზღვარი არ აქვთ.

იხილეთ პასუხი სრულად

თუ საქართველო შენგენის ზონას შეუერთდება, შენგენის ზონის სხვა ქვეყნებთან საჰაერო ან საზღვაო საზღვრების გადაკვეთისას სასაზღვრო შემოწმება აღარ იქნება საჭირო. ანუ თბილისიდან ლისაბონში თვითმფრინავით ან ფოთიდან ვარნაში გემით გამგზავრება პასპორტის შემოწმების პროცედურის გავლის გარეშე იქნება შესაძლებელი.

თუმცა შენგენის ზონაში გაწევრიანებამდე საქართველომ აღნიშნული ზონის საერთო წესები უნდა დააკმაყოფილოს. კერძოდ, ეს წესები შეეხება საქართველოს იმ სახმელეთო საზღვრებს, რომლებიც მას ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებთან აქვს, რადგან ეს საზღვრები ევროკავშირის გარე საზღვრები გახდება.

მოთხოვნები შეეხება ევროკავშირის გარე საზღვრების კვეთას, მათ შორის, ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა სავიზო შემოწმება, შესვლის პირობების ჰარმონიზაცია, ტრანსსასაზღვრო საპოლიციო თანამშრომლობა და უფრო მჭიდრო სასამართლო თანამშრომლობა ექსტრადიციის და სისხლის სამართლის გადაწყვეტილებების აღსრულების უფრო სწრაფი სისტემის დანერგვის გზით.

გაიგეთ მეტი ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ დემოკრატიის მიმართულებით აქ

ეკონომიკური განვითარება

კითხვა: შეუძლია თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გააუმჯობესოს შრომითი უფლებები საქართველოში და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა გაუადვილოს?

პასუხი: ევროკავშირი და საქართველო ერთად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაოსა და შრომის ბაზრის განვითარებაზე მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გაფართოების, შრომის პოლიტიკის გაუმჯობესების და მეწარმეობის სწავლების მხარდაჭერის საშუალებით. 

იხილეთ პასუხი სრულად

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველომ დასაქმებისა და შრომის სფეროში არსებული მთელი თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონთა კრებულთან, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს, და მისი აღსრულება უზრუნველყოს. ეს სამუშაო პირობებთან, სამუშაო საათებთან, დისკრიმინაციის აკრძალვასთან და თანამშრომელთა სხვა უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებულ დადებით ცვლილებებს მოიცავს.

ვინაიდან ევროკავშირის წევრობა საბოლოო ჯამში „ოთხი თავისუფლების“ – საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და ადამიანების გადაადგილების თავისუფლების მიღებას და ამ თავისუფლებებით სარგებლობას ნიშნავს – როგორც კი საქართველო ევროკავშირში შევა, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ. მათ შორისაა სოციალური დაცვა და სავალდებულო დაზღვევა, ოფიციალური დასაქმება, ხელფასები და პენსიები. გაწევრიანების პროცესში საქართველოს მთავრობას მოუწევს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შრომის სტანდარტებისა და სოციალური დაცვის კუთხით არსებული აცდენები გამოასწოროს.

კითხვა: ევროკავშირის პარტნიორობა საქართველოსთან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს როგორ უწყობდა და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას კიდევ უფრო მეტად როგორ გააძლიერებს?

პასუხი: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან ძლიერია და 30 წელზე მეტი ხნის მჭიდრო პარტნიორობას ეფუძნება. ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი და უდიდესი საერთაშორისო დონორია. 

იხილეთ პასუხი სრულად

ევროკავშირის ყველა პარტნიორს შორის საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთ უმაღლესი დონის დახმარებას იღებს და ამჟამად ჩვენ ყოველწლიურად საქართველოს მისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად 85 მილიონ ევრომდე საგრანტო სახსრებს ვაძლევთ.

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განსახორციელებლად, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირმა უკვე მოახდინა საჯარო და კერძო ინვესტიციების სახით 1,9 მილიარდი ევროს მობილიზება ციფრული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირების გასაძლიერებლად როგორც საქართველოში, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.

ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს, ადამიანებს ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით და ფიზიკურად აკავშირებს, საბოლოო ჯამში, საქართველოში ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ევროპის ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობით ასევე მილიონზე მეტმა ქართველმა ისარგებლა.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წყალობით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის ზრდა გაგრძელდება, რადგან საქართველო თავის კანონმდებლობას, კანონებსა და სტანდარტებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან აახლოებს. ევროკავშირთან მეტი დაახლოებით, საქართველო ევროკავშირის მომავალზე ორიენტირებული კანონმდებლობისგან სარგებელს მიიღებს ბევრ სფეროში, როგორიცაა ევროკავშირის მწვანე შეთანხმება, საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ და მრავალი სხვა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ექსპერტიზის, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის საშუალებით.

კითხვა: გააცოცხლებს თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი სოფლის მეურნეობას და დაეხმარება თუ არა საქართველოს სოფლის მოსახლეობას?

პასუხი: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ მას საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ინტეგრირებისთვის მზადების პროცესში მეტი დაფინანსების მიღება შეუძლია. 

იხილეთ პასუხი სრულად

ზოგადად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები სოფლის მეურნეობის სფეროში მხარდაჭერას და შეღავათებს იღებენ, როგორც გაწევრიანების წინა დახმარების ნაწილს. ასე რომ, საქართველომ შესაძლოა დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სურსათის უვნებლობის წესებთან და ევროკავშირის „ფერმიდან – ჩანგლამდე“ სტრატეგიასთან, რომელიც მწვანე შეთანხმების ფარგლებში შექმნილია, რომ სასურსათო სისტემები სამართლიანი, ჯანსაღი და მდგრადი გახდეს.

საქართველოს ასევე შეუძლია ბაზარზე სასარგებლო წვდომა მოიპოვოს. ახალი რეგულაციების შესრულების დაჩქარება, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობის და ხარისხის მენეჯმენტის შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის საერთაშორისო და ევროკავშირის ბაზრებზე წვდომას ხელს შეუწყობს.

საქართველოს შეუძლია ისარგებლოს სოფლის განვითარების ინიციატივებით, რადგან ევროკავშირი სოფლის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევს. როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ შეიძლება მიიღოს იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას და სოფლად ცხოვრებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შესაბამისად, ევროკავშირი ასევე ხელს უწყობს მდგრადი მეურნეობის პრაქტიკას. გაწევრიანების პროცესმა უნდა წაახალისოს საქართველო, მიიღოს ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობიანი აგროეკოსისტემების განვითარებას, რაც სოფლის მიმზიდველობას შეინარჩუნებს, ფერმერებისთვის სამართლიან შემოსავალს და ასევე სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

უფრო მეტიც, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები ხშირად იღებენ მხარდაჭერას სასწავლო და შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამებისთვის, რომლებიც ფერმერების, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების და ამ სფეროში პოლიტიკის შემქმნელების უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამან შეიძლება სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციას და ეფექტიანობას ხელი შეუწყოს.

ეს ყველაფერი საქართველოს სოფლის მეურნეობასა და სურსათის წარმოებას დაეხმარება. და თუ გავითვალისწინებთ საქართველოს პროდუქციის ხარისხს, მოუთმენლად ველი, რომ უფრო მეტი ეს პროდუქცია ევროკავშირის მაღაზიების თაროებზე დავინახო.

სხვა კითხვები ეკონომიკური განვითარების შესახებ

კითხვა: გეგმავს თუ არა ევროკავშირი ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც საქართველოს სატრანსპორტო ქსელების მოდერნიზებაში და მისი ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდაში დაეხმარება?

პასუხი: საქართველომ უკვე მიიღო ევროკავშირის დახმარება სატრანსპორტო სისტემების მოდერნიზებისა და მდგრადობის ხარისხის გასაზრდელად. 

იხილეთ პასუხი სრულად

დახმარების ფარგლებში თბილისსა და ბათუმში შეიქმნა ისეთი ახალი ელექტრო ავტობუსების პარკი, რომელიც აკმაყოფილებს მაღალ ტექნიკურ სტანდარტებს და აქვს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისა და საიმედოობის მაღალი დონე, რაც მგზავრების კომფორტს უზრუნველყოფს. ახალი ავტობუსებით მგზავრობა გაადვილებულია ყველა მგზავრისთვის, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის, როგორებიც არიან ხანდაზმულები და შშმ პირები.

ევროკავშირმა საქართველოს ტექნიკური დახმარება სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებაშიც გაუწია, კერძოდ, ევროკავშირი საქართველოს დაეხმარა რკინიგზის სექტორის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებსა და რეგულაციებთან ეროვნული კანონმდებლობისა და სარკინიგზო სექტორის ეტაპობრივად ჰარმონიზაციაში.

ბანკთან, KfW-თან ერთად, აპირებს იმუშაოს ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემის, აგრეთვე მდგრადი ტრანსპორტის სხვა ინფრასტრუქტურის განვითარების, მათ შორის, ავტობუსის პრიორიტეტული ზოლებისა და ფეხით მოსიარულეთათვის ხელმისაწვდომი  ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით.

გაიგეთ მეტი ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით აქ

ახალგაზრდები

კითხვა: გაზრდის თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროკავშირში განათლების მიღებისა და საქართველოში გაცემული დიპლომის აღიარების შესაძლებლობას? რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს განათლების სისტემაზე?

პასუხი: ევროკავშირი საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია განათლების სფეროში. საქართველო სარგებლობს ევროკავშირის ერასმუს+ პროგრამით, რომელიც ქვეყანას სთავაზობს კრედიტების საერთაშორისო მობილობას, Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს, შესაძლებლობების გაძლიერებას უმაღლეს განათლებაში, ჟან მონეს პროგრამას. 

იხილეთ პასუხი სრულად

სტუდენტებს შეუძლიათ მოითხოვონ გრანტი თავიანთი უნივერსიტეტიდან მოკლევადიანი მობილობისთვის 2-დან 12 თვემდე ან ჩაირიცხონ Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე საკუთარი დაფინანსებით.

კანდიდატის სტატუსის პირობებში, ევროკომისია მხარს დაუჭერს საქართველოს განათლების სისტემის ჰარმონიზაციას ევროკავშირის პრაქტიკასთან და რეკომენდაციებთან, რითიც ხელს შეუწყობს ქართველ სტუდენტებს, ჩამოყალიბდნენ ევროკავშირის ხვალინდელ მოქალაქეებად. მაგალითად, საქართველო მონაწილეობას მიიღებს ე.წ. „ევრიდიკეს ქსელში“ (Eurydice Network), რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს, გაეცნოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში განათლების სისტემების ორგანიზებასა და ფუნქციონირებას. გარდა ამისა, საქართველოს ცოტა ხნის წინ შესთავაზეს წარმომადგენლების წარდგენა ევროპის განათლების სივრცეში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად.

2007 წლიდან ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ პროფესიული განათლებისა და სასწავლო სისტემის რეფორმირებას, პროგრამების შინაარსობრივი მხარის მოდერნიზაციას, დამსაქმებლებთან პარტნიორობის შექმნას, მოქალაქეების ინფორმირებას არსებული შესაძლებლობების შესახებ და ასევე ახალი შესაძლებლობების შექმნას.

საქართველოს კანდიდატის სტატუსი საშუალებას აძლევს პროფესიულ საგანათლებლო დაწესებულებებს, მათ პედაგოგებსა და სტუდენტებს, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ ინიციატივებში და გაცვალონ არსებული საუკეთესო პრაქტიკა ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან.

გაიგეთ მეტი ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ახალგაზრდული მიმართულებით აქ

კულტურა

კითხვა: რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს კულტურისათვის?

პასუხი: ევროპა არის საერთო ღირებულებების მქონე კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოება, რომელშიც საქართველომ თავისი მდიდარი კულტურით მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში.

იხილეთ პასუხი სრულად

საქართველოს მოქალაქეები უკვე სარგებლობენ „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობებით, რაც ორგანიზაციებსა და ხელოვანებს საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობისა და ხელოვნების ნიმუშების ერთობლივად შექმნის საშუალებას აძლევს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, ბალერინა ნათია ბუნტური, რომელსაც კულტურული მობილობის შესაძლებლობება მიეცა. პროგრამა „ევროკავშირი კულტურისათვის“ (EU4Culture) ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეგიონული პროექტები ხელს უწყობს კულტურათაშორის დიალოგს და ცოდნის გაზიარებას, მათ შორის, კულტურულ გაცვლა-გამოცვლას და ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას, რაც, თავის მხრივ, სოციალური და ეკონომიკური განვითარების საწინდარია. საქართველოსთვის მინიჭებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობას.

გარდა ამისა, ევროკავშირი პატივს სცემს და ხელს უწყობს საქართველოს უნიკალურ კულტურას, რაც შემოქმედებითი დარგების შენარჩუნებასა და განვითარების დაფინანსებას ითვალისწინებს. საქართველოს დიდი და პატარა ისტორიული ქალაქები ხშირად ისეთი გამოწვევების წინაშე დგანან, რომლებიც მოსახლეობას უკეთესი ცხოვრების საძიებლად სხვა ადგილებში წასვლისკენ უბიძგებენ. ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ევროკავშირი ხელს უწყობს იმ შესაძლებლობების გამოვლენას, რომლებიც კულტურულ მემკვიდრეობას განვითარებისა და მეწარმეობის წყაროდ გარდაქმნიან. ეს გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებას მდგრადი ტურიზმისა და ვაჭრობის საშუალებით. ევროკავშირის დახმარებით, ისტორიაში პირველად, საქართველოს რამდენიმე ქალაქმა კულტურული განვითარების სტრატეგიების მომზადება დაიწყო. ეს კულტურული და შემოქმედებითი დარგების პოტენციალის შესწავლისა და ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების უნიკალური შესაძლებლობაა.

გაიგეთ მეტი ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ კულტურის მიმართულებით აქ

გარემოს დაცვა

კითხვა: გაუმჯობესდება თუ არა საქართველოში ნარჩენების მართვა ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით?

პასუხი: ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად გახდომამდე საქართველომ ნარჩენების მართვის საკუთარი სისტემა ევროკავშირის ნორმებს უნდა დაუახლოვოს. 

იხილეთ პასუხი სრულად

ევროპული მწვანე შეთანხმება ევროკავშირის ახლანდელ და მომავალ წევრ ქვეყნებს 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობისკენ, ხოლო 2030 წლისთვის – სათბურის აირების, სულ მცირე, 55%-ით შემცირებისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირის ნარჩენების ჩარჩო დირექტივა ევროპული მწვანე შეთანხმების ფარგლებში ქვეყნებს ავალდებულებს, უზრუნველყონ ნარჩენების მართვა იმგვარად, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, გარემო და ბიომრავალფეროვნება რისკის ქვეშ არ დადგეს, არ გაიზარდოს ხმაური და სოფლად არაპროპორციულად უარყოფითი შედეგები არ მივიღოთ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ნარჩენების წარმოქმნის პრევენციაზე, ხოლო შემდეგ – ნარჩენების ხელახალი გამოყენებისთვის მომზადებაზე, გადამუშვებაზე, აღდგენასა და განთავსებაზე. მუნიციპალური ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების მაჩვენებელი ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს და 2025 წლისთვის 65%-ს მიაღწიოს. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოება და მოხმარება უფრო მდგრადი გახდება. ამისათვის აუცილებელია საზოგადოების სისტემური და პროაქტიური ცვლილება და წარმოების სტიმულირება.

რეგიონული პროგრამების მეშვეობით, როგორებიცაა EU4Environment, აგრეთვე ნარჩენების მართვასა და ცირკულარულ ეკონომიკასთან დაკავშირებული ორმხრივი პროექტები, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ისეთ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ცირკულარული ეკონომიკის ინსტრუმენტების დანერგვასა და ნარჩენების პრევენციის ხელშეწყობას. ევროპული საფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით, ევროკავშირმა ინვესტიციები განახორციელა ისეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ ობიექტებში, როგორებიცაა ნაგავსაყრელები და გამწმენდი ნაგებობები. გარდა ამისა, საქართველოს ცირკულარული ეკონომიკის შესახებ წარმოებულ დისკუსიებსა და ეროვნულ კანონმდებლობაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) ცნების დანერგვა მწვანე შეთანხმებისა და ცირკულარულ ეკონომიკასთან დაკავშირებულ მის სამოქმედო გეგმასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისაკენ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

საბოლოო ჯამში, ნარჩენების მართვის სექტორის გაუმჯობესება არა მხოლოდ ეხმარება ქვეყანას ევროკავშირისაკენ მომავალ გზაზე, არამედ აუმჯობესებს მისი მოსახლეობის საარსებო პირობებს, აძლიერებს ეკონომიკას და იცავს ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას.

გაიგეთ მეტი ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ გარემოს დაცვის მიმართულებით აქ

ციფრული ტრანსფორმაცია

კითხვა: რა გავლენას მოახდენს საქართველოზე, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაზე, ევროკავშირის კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ? დაეკისრება თუ არა საქართველოს ახალი ვალდებულებები ხელოვნური ინტელექტის სფეროში?

პასუხი: ევროკავშირის ახალი კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ მიზნად ისახავს ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიის დაცვას, ხოლო ბიზნესს განვითარებისა და გაფართოების შესაძლებლობას აძლევს. 

იხილეთ პასუხი სრულად

ევროკავშირის კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ მკაცრ ვალდებულებებს დაუწესებს ხელოვნური ინტელექტის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სისტემების პროვაიდერებს. ის ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით განსაზღვრავს ისეთ მოთხოვნებს, როგორებიცაა მონაცემთა ხარისხი, დოკუმენტირება და მიკვლევადობა, გამჭვირვალობა, ადამიანის მიერ გაწეული ზედამხედველობა, სიზუსტე, კიბერუსაფრთხოება და საიმედოობა.

გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის პროვაიდერებს, ხელოვნური ინტელექტის სისტემის ბაზარზე განთავსებამდე, მოუწევთ შესაბამისობის შეფასების ჩატარება კანონთან მისი თავსებადობის დასამტკიცებლად. დაინერგება ხარისხისა და რისკების მართვის სისტემები მომხმარებლებისა და დაზარალებული პირებისათვის რისკების შესამცირებლად, აგრეთვე სავალდებულო გახდება რეგისტრაცია ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში. ყოველივე ზემოაღნიშნული სავალდებულო გახდება, რათა აღმოიფხვრას რისკების პრობლემა.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველოს მოუწევს საკუთარი კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან დაახლოება და მათი დანერგვა. ეს ხელოვნურ ინტელექტსაც შეეხება. ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება უსაფრთხო და დემოკრატიული, თუ მისი ყველა ახლანდელი და მომავალი წევრი სახელმწიფო აღნიშნულ ნორმებს მიჰყვებიან.

გაიგეთ მეტი ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით აქ